ახალი კანონით, 1 მარტიდან სარეკლამო SMS-ები უნდა შეწყდეს

პუბლიკა

2024 წლის 1 მარტიდან ამოქმედდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონი, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს იმას, რომ სარეკლამო სმს-ებს თქვენი წინასწარი ნებართვის გარეშე ვერ მიიღებთ.

ახალი კანონის თანახმად: 

  • პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავება შეიძლება მხოლოდ მოქალაქის თანხმობით.
  • მისი სახელის, გვარის, მისამართის, ტელეფონის ნომრისა და ელექტრონული ფოსტის მისამართის გარდა, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით სხვა მონაცემთა დამუშავებისთვის აუცილებელია წერილობითი თანხმობა.
  • თანხმობის მიღებამდე და პირდაპირი მარკეტინგის განხორციელებისას დამუშავებისთვის პასუხისმგებელმა პირმა/დამუშავებაზე უფლებამოსილმა პირმა მოქალაქეს ნათლად, მარტივ და მისთვის გასაგებ ენაზე უნდა განუმარტოს, როგორ ხდება გაცემული თანხმობის უარყოფა.

უარის დაფიქსირების შემდეგ, პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, შეწყვიტოს სარეკლამო შეთავაზებების გაგზავნა გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა.

თუ თქვენი უარის მიუხედავად, კომპანიები სარეკლამო შეტყობინებების გამოგზავნას გააგრძელებენ, შეგიძლიათ, მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს — ის საჩივარს განიხილავს და კომპანიას მისცემს გაფრთხილებას ან დააჯარიმებს 3000 ლარით. 

ნებისმიერი საჯარო დაწესებულება და ასევე კერძო კომპანიათა ნაწილი ვალდებულია, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი ჰყავდეს.

თუმცა, ორგანიზაცია „მომხმარებელთა უფლებების ცენტრი” აცხადებს, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონი, რომლის თანახმადაც, სარეკლამო სმს-ებს ვერ მიიღებთ თქვენი წინასწარი ნებართვის გარეშე, პრობლემას რეალურად ვერ მოაგვარებს. 

მათ მიერ ჩამოთვლილი მიზეზები შემდეგია:

  1. საქართველოში SMS რეკლამის მიმწოდებლებს, განსხვავებით ევროპული ქვეყნებისგან, არ მოეთხოვებათ რეგისტრაცია. შესაბამისად, ნებისმიერ კომპანიას შეუძლია დაიქირაოს 10–15 ან მეტი SMS პროვაიდერი და საზღვარგარეთიდან აგზავნოს სარეკლამო SMS–ები. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი კი, დამქირავებელ კომპანიას ვერ დააჯარიმებს, რადგან მონაცემებს ამუშავებს დაქირავებული კომპანია, რომელიც საქართველოში არ არის რეგისტრირებული.საზღვარგარეთის ქვეყნებში რეგისტრაციის ვალდებულება გულისხმობს იმას, რომ თუ ქვეყანაში რეგისტრაციას არ გაივლი SMS რეკლამის პროვაიდერად, საკომუნიკაციო კომპანიას (მაგალითად, მაგთის/სილკნეტს) არ აქვს უფლება გაატაროს შენი გზავნილი;
  2. საზღვარგარეთ მომხმარებლებს უფლება აქვთ უარი განაცხადონ, როგორც ყველანაირ სარეკლამო SMS–ზე, ასევე აირჩიონ საიდან უნდათ რეკლამის მიღება და საიდან არა. არსებობს რეესტრები, სადაც შეგიძლიათ დაარეგისტრიროთ თქვენი ნომერი და აუკრძალოთ ყველას SMS–რეკლამის ამ ნომერზე გამოგზავნა.ინდივიდუალურად, რომელიმე ცალკეული კომპანიისათვის SMS–ის ასაკრძალად არსებობს მარტივი მეთოდები და არა ის, როგორც ჩვენთანაა (SMS off და სხვა გაურკვეველი კოდები);
  3. ყველა ნორმალურ ქვეყანაში არსებობს ე.წ. “წყნარი საათები”. როგორც წესი, საღამოს 8 საათიდან დილის 9 საათამდე. ამ პერიოდში სარეკლამო SMS–ის გაგზავნა არ შეიძლება და ექვემდებარება ჯარიმას. ჩვენთან არც ეს საათებია დაწესებული და ვერც საზღვარგარეთ არსებულ პროვაიდერს დააჯარიმებ ამ დარღვევისათვის (გაითვალისწინეთ დროითი განსხვავებებიც).
  4. არ არსებობს ბერკეტი დაჯარიმდეს რეკლამის დამკვეთი და არამარტო მომწოდებელი, თუ მომხმარებელს SMS რეკლამას მისი სურვილის საწინააღმდეგოდ გაუგზავნიან.

მომხმარებელთა უფლებების ცენტრი ამბობს, რომ ამ პრობლემების თაობაზე 1000 მოქალაქის ხელმოწერით მთავრობას მიმართეს და ახლა რეაგირების მოლოდინში არიან.