ღარიბაშვილი: მე როგორც ვიცი, თავად მინისტრს ჰქონდა განსხვავებული შეხედულება

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ირაკლი კობახიძესა და ზურაბ აზარაშვილს შორის დაპირისპირება არ ყოფილა და „ძალიან ცივილიზებულ ფორმებში მოხდა დამშვიდობება.“

„პრემიერ-მინისტრი როცა ვიყავი, მაშინ, თუ არ ვცდები, ექვსი მინისტრი შევცვალე. ეს არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენა.

ირაკლი კობახიძეს, შესაძლოა, ჰქონდეს საკუთარი შეხედულებები, მოსაზრებები, რომელსაც, შეიძლება, არ ეთანხმებოდეს რომელიმე მინისტრი, ან პირიქით, მინისტრს ჰქონდეს განსხვავებული შეხედულება.

მე როგორც ვიცი, თავად მინისტრს ჰქონდა განსხვავებული შეხედულება და ასევე, პრემიერს ჰქონდა განსხვავებული შეხედულება, ძალიან ცივილიზებულ ფორმებში მოხდა დამშვიდობება. არავითარი დაპირისპირება არ არის.

პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა მინისტრების წარდგენა, მოხსნა, დანიშვნა. მე მოვისმინე რაღაც სხვა განცხადებებიც, თითქოს ადმინისტრაციის უფროსიც გაუშვეს. უკაცრავად, ადმინისტრაციის უფროსი არის ნდობით აღჭურვილი პირი პრემიერ-მინისტრის. ჩემი ადმინისტრაციის უფროსი რატომ უნდა ყოფილიყო ირაკლი კობახიძის ადმინისტრაციის უფროსი? აი, გესმით?! ძალიან მარტივი ასახსნელია საზოგადოებისთვის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ზურაბ აზარაშვილს ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობისთვის და განაცხადა, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოზე განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ.

„რესპუბლიკურ საავადმყოფოზე ჩვენ გვქონდა განსხვავებული შეხედულება, მეც. მათ შორის. ახლა შეიცვალა ეს ვითარება და განსხვავებული შეხედულება ჩამოყალიბდა. ნორმალურია. მე სხვა პიროვნება ვარ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა 1 მარტს დატოვა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ესაუბრა ჯანდაცვის მინისტრს, რის შემდეგაც ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა. ჯერ უცნობია ვინ შეცვლის აზარაშვილს მინისტრის პოსტზე.