ჩხოროწყუს მერთან ფიზიკური დაპირისპირების გამო მერიის სპორტის სამსახურის ყოფილი უფროსი დააკავეს

პუბლიკა

ჩხოროწყუს მერთან დათო გოგუასთან ფიზიკური დაპირისპირების გამო ჩხოროწყუს მერიის სპორტის სამსახურის ყოფილი უფროსი ედიკ კვარაცხელია დააკავეს. ინფორმაციას „პუბლიკას” შსს-ში უდასტურებენ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დამცველი ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას გულისხმობს.

დაპირისპირება „მთავარი არხის” ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ მოხდა. ტელეკომპანიის ცნობით, ჩხოროწყუს მერი სოფელ მუხურში, მიკროჰესის სამუშაოების დასათვალიერებლად იმყოფებოდა, სადაც სპორტის სამსახურის ყოფილი უფროსი, ედიკ კვარაცხელია მივიდა, მათ შორის იყო ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება, შემდეგ კი ფიზიკური.

კვარაცხელიამ მომხდარი დაპირისპირება უარყო და თქვა, რომ ის და გოგუა მეგობრები და თანაგუნდელები არიან.

„მთავარი არხი” ამბობს, რომ მომხდარი, სავარაუდოდ, კვარაცხელიას გათავისუფლებას უკავშირდება. ედიკ კვარაცხელია ჩხოროწყუს მერიის სპორტის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობიდან 1 თვის წინ, შიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე გაათავისუფლეს.