აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა საქართველოს ხელისუფლებას აქებს.
არძინბა ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა გონივრულად იქცევა, რომ საქართველოს „ომი არ სჭირდება“.
არძინბას თქმით, ჟენევის დისკუსიების ფარგლებში, საქართველო ამერიკელების მხარდაჭერით, უარს ამბობს ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე.
„ჩვენ, აფხაზები, საკუთარ თავს ვუსვამთ კითხვას, რატომ არ აწერენ ხელს შეთანხმებას? საქართველოს ნამდვილად სურს ბრძოლა? ან ამერიკელებს უნდათ მეორე ფრონტის გაჩაღება? გვესმის, ასეა თუ ისე, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ამერიკელები მეორე ფრონტის გაჩაღებას აპირებენ, მაგრამ, მადლობა ღმერთს, საქართველოს ხელისუფლება გონივრულია, ომი არავის სჭირდება, მათ შორის თავად საქართველოს. იმიტომ, რომ დღეს, საკანონმდებლო ბაზის მიხედვით, აგრესია აფხაზეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ არის აგრესია რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო ამას არ გააკეთებს“, – განაცხადა მან.
ამის შესახებ არძინბამ მსოფლიო ახალგაზრდობის ფესტივალზე გამოსვლისას განაცხადა, რომელიც რუსეთის ფედერალურ ტერიტორიაზე სოჭთან ახლოს მდებარე დასახლება სირიუსში მიმდინარეობს.