ელისაშვილი: თუ რამდენიმე წელზე განაწილდება, საბჭოთა ანაბრების პრობლემა მოგვარდება

პუბლიკა

„მოქალაქეების” წევრმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მთავრობას მიმართა კითხვით, აპირებს თუ არა, რომ საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ვალები სახელმწიფომ კვლავ შიდა ვალად მიიჩნიოს.

ელისაშვილი ამბობს, რომ საქმე 670 მილიონ ლარს ეხება, ხოლო საქართველოს ბიუჯეტი 2024 წლისთვის 25 მილიარდი ლარია. მისი თქმით, თუ ეს რამდენიმე წელზე განაწილდება, პრობლემის მოგვარება – ანაბრების დაბრუნება შესაძლებელი იქნება.

„ჯერ კიდევ შევარდნაძემ აღიარა, რომ ანაბარი იყო შიდა ვალი და თქვა, რომ გაისტუმრებდა. კოვიდის დროს, 2021 წელს საქართველოს მთავრობამ ამოიღო შიდა ვალიდან და თქვა, რომ ასეთი ვალი აღარ გააჩნია.

კოვიდის დროს ამას ჰქონდა ლოგიკა, ვინაიდან მაშინ მთელი ჩვენი ეკონომიკა გაჩერებული იყო, ვალებს ვიღებდით და თუ ვალი 60%-ს გადააჭარბებს, ბანკროტად უნდა გამოცხადდე. დღეს კოვიდი აღარ არის, გვაქვს ბიუჯეტი 25 მილიარდი, დღეს მთავრობა ტრაბახობს, რომ ეკონომიკა დუღს და ქვეყანა ვითარდება.

შესაბამისად, კითხვა: აპირებს თუ არა ირაკლი კობახიძე და საქართველოს მთავრობა, საბჭოთა და პოსტსაბჭთა ანაბრები ისევ აღიაროს შიდა ვალად და აპირებს თუ არა ამ პრობლემის მოგვარებას?”.