მუზეუმი: პრეზენტაციის დღეს უსაფრთხოების დაცვის საკითხი დადგა დღის წესრიგში, რისი რესურსიც არ გვაქვს

პუბლიკა

თბილისის ფოტოგრაფიის და მულტიმედიის მუზეუმი წიგნის „ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში“ დაგეგმილი პრეზენტაციის გაუქმების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

მუზეუმი წერს, რომ წიგნის გარშემო ჰომოფობიური განცხადებების შემდეგ წიგნის საინიციატივო ჯგუფმა უსაფრთხოების ზომები მოითხოვა, რისი უზრუნველყოფის რესურსიც მუზეუმს არ აქვს.

„მუზეუმი სამშენებლო ბლოკში მდებარეობს, სადაც ამჟამად მძიმე სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოს მასშტაბი შეუძლებელს ხდის უსაფრთხოების იმ ზომების უზრუნველყოფას, რომელიც შესაძლო რესკებისგან და აგრესიულად განწყობილი ჯგუფებისგან დაიცავდა პუბლიკას. ამის შესახებ მუზეუმმა საინიციატივო ჯგუფს ჯერ კიდევ პრეზენტაციამდე 1 კვირით ადრე აცნობა და განუმარტა, რომ უსაფრთხოების გარანტიების გარეშე, მუზეუმი ვერ უმასპინძლებდა ღონისძიებას და ვერცერთ ვიზიტორს ვერ დააყენებდა თუნდაც მინიმალური რისკის ქვეშ. მითუმეტეს, რომ უკანასკნელი წლების მანძილზე რადიკალური ჯგუფების მიერ გამოხატული აგრესიის არაერთი შემთხვევა გვახსოვს, მათ შორის, ტრაგიკული დასასრულით.

მუზეუმი, როგორც დამოუკიდებელი და თავისუფალი პლატფორმა, არსებობის პირველი დღიდან გამძაფრებული პასუხისმგებლობით ახორციელებს ყველა თავის პროექტს, რომელთა უმეტესობაც, სწორედ განსხვავებული ჯგუფების გაძლიერების, საზოგადოების მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობისკენ არის მიმართული, სადაც ჩვენი დიდი თემის და აუდიტორიის თითოეული წევრის უსაფრთხოება პრიორიტეტია.

წიგნის „ცის ფერი“ საინიციატივო ჯგუფის მიერ გავრცელებული განცხადება არსებული მოცემულობითა და ფაქტებით მანიპულაციაა, რითაც საერთო საქმე მხოლოდ ზარალდება. მუზეუმი ეპატაჟის გარეშე გააგრძელებს თავის საქმიანობას და სამოქალაქო საზოგადოების გასაძლიერებლად განსხვავებული ჯგუფების ინტერესებს დაიცავს“, – წერია განცხადებაში.

6 მარტს „თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმში“ დაგეგმილი იყო წიგნის „ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში“ პრეზენტაცია თუმცა, პროექტის ავტორმა და ორგანიზატორმა, „შემოქმედებითმა გაერთიანება სპექტრმა“ 4 მარტს დაწერა, რომ მუზეუმმა პრეზენტაციისთვის სივრცის დათმობაზე უარი თქვა.

მათი ცნობით, მუზეუმის ხელმძღვანელმა, ნესტან ნიჟარაძემ მიზეზად „სამშენებლო ბლოკში უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფის შეუძლებლობა“ დაასახელა და ღონისძიების ლოკაციის შეცვლა მოითხოვა.

„შემოქმედებითი გაერთიანება სპექტრი“ მუზეუმის ხელმძღვანელის მიერ დასახელებული მიზეზს „დაუჯერებელ სიყალბედ“ აფასებს და მიაჩნია, რომ სახელოვნებო ინსტიტუციამ „თავი ცენზურას დაუქვემდებარა და ჰომოფობიური დისკურსის ქვეშ“ მოექცა.

პროექტის ავტორები ფაქტს „ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი კანონის“ დაანონსებას და კრებულის გარშემო ჰომოფობიური დისკურსის გააქტიურებას უკავშირებენ.