ამოღებულია 54 500 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, დავაკავეთ 3 პირი - საგამოძიებო

პუბლიკა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის საქმეზე სამი პირი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამეგრელოს რეგიონში, სამ ლოკაციაზე ბრალდებულებისაგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების ჯამში 54 500 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 256 000 ლარს აღემატება.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პირთა ჯგუფის მიერ, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე, 2024 წლის 1 მარტს, დაკავებულ იქნა 3 პირი”, – აღნიშნულია განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 8-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მათი განცხადებით, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები ბრალდებულებთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.