ღარიბაშვილი: მეორე ფრონტის რისკები არსად წასულა - ამაზე ვილაპარაკე ამომრჩეველთან

პუბლიკა

„ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი კვლავ „მეორე ფრონტზე” საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს „საფრთხე არსად წასულა”. ამის შესახებ მან რეგიონებში ვიზიტის ფარგლებში ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„დღეს ქვეყანაში არის სტაბილურობა, მშვიდობა, ჩვენ შევინარჩუნეთ სტაბილურობა, მშვიდობა და ძლიერი, სწრაფი ეკონომიკური ზრდა, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ის რისკები, რაც შარშანწინ და შარშან არსებობდა ქვეყნის წინაშე – ვგულისხმობ გამოწვევებს, რაც უკავშირდებოდა უსაფრთხოებას და ჩვენი ქვეყნის ჩართულობას ომში და აქ მეორე ფრონტის გადმოტანას – ეს რისკები არსად არ წასულა. მე ამ საკითხებზე ვილაპარაკე ჩვენს ამომრჩეველთან და ვუთხარი, რომ რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების” გამარჯვება არის ერთადერთი, უალტერნატივო გამოსავალი”, – განაცხადა მან.

ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ახლა პარტიას „მობილიზაცია” სჭირდება და სწორედ ამ მიზანს ემსახურება რეგიონებში მისი ვიზიტები.