სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ამხილეს 2000 წელს დაბადებული ქალი, რომელიც ყოფილ მულს კაცის სახელით გაეცნო და პირადი ფოტოები გაუვრცელა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წელს, სოციალურ ქსელ „ინსტაგრამის“ ყალბი პროფილის გამოყენებით, 2000 წელს დაბადებული ქალი, შურისძიების მოტივით მამაკაცის სახელით მისი ყოფილი მეუღლის დას გაეცნო და ნდობა მოიპოვა.
დაზარალებულმა მითითებულ ყალბ პროფილზე ყოფილ რძალს, რომელიც მამაკაცის სახელით, ყალბი პროფილით ესაუბრებოდა, თავისი შიშველი სხეულის ამსახველი ფოტოები და ვიდეოები გადაუგზავნა.
ბრალდებულმა, ამ გზით, მოტყუებით, უკანონოდ მოიპოვა და შეინახა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა, რომლებიც შემდგომ სახელის გატეხის მიზნით დაზარალებულის ნათესავებთან გაავრცელა”, – ნათქვამია განცხადებაში.
საგამოძიებოს ცნობით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ბრალდებული ქალის პირადი ჩხრეკისას, მობილური ტელეფონიდან ამოიღეს დაზარალებულის შიშველი სხეულის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა.
ქალს ბრალდება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე წარედგინა – დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამასთან, საგამოძიებოს ცნობით, დააკავეს 20 წლის კაციც, რომელმაც მისი მეგობრის ყოფილი შეყვარებულის ინტიმური შინაარსის ფოტოები და ვიდეოჩანაწერები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა.