თავდაცვის სამინისტრო: ხიდაშელი მრჩევლად 2020-დან 2024 წლის 9 თებერვლამდე მუშაობდა

პუბლიკა

თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ დავით ხიდაშელი უწყებაში მრჩევლად მუშაობდა 2020 წლიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე. ამასთან, უწყების განცხადებით, ამ პერიოდში მას არ ჰქონია დაშვება საიდუმლო ცნობებზე.

სამინისტრო 14 მარტს „მთავარმა არხის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, რუსეთიდან ჩამოსული ბიზნესმენი დავით ხიდაშელი თავდაცვის უწყებაში მრჩევლად მუშაობდა და ანაზღაურების სახით 1000 ლარს იღებდა.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში წერია:

„2020 წლიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე დავით ხიდაშელი მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად.

იმჟამინდელი თავდაცვის მინისტრისთვის უფლებამოსილების შეჩერების შემდეგ, კანონმდებლობის შესაბამისად, დავით ხიდაშელს საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 81-ე მუხლის, მე-2 პუნქტის მიხედვით, შეუწყდა ადმინისტრაციული ხელშეკრულება და მას შემდეგ თავდაცვის უწყებაში აღარ მუშაობს.

ამასთან, დავით ხიდაშელს თავდაცვის სამინისტროში მუშაობის პერიოდში არ ჰქონია სახელმწიფო საიდუმლო ცნობებზე დაშვება”.

რუსეთთან დაკავშირებული ბიზნესმენი, დავით ხიდაშელი ე.წ. კარტოგრაფების საქმის მთავარი მოწმეა. სწორედ მან ჩამოიტანა რუსეთიდან რუკები, რომელთა საფუძველზეც დავით გარეჯთან საზღვრის დამდგენი კომისიის წევრების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას წინააღმდეგ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო და ისინი დააპატიმრა კიდეც.

მაშინ რუსთავი 2-თვის მიცემულ ინტერვიუში დავით ხიდაშელმა ისაუბრა, როგორ სთხოვა დახმარება ამ საქმესთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ბიზნესებს მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში ფლობს.

ხიდაშელს 2014 წლამდე რუსულ კომპანია Sistema-ში მაღალი თანამდებობა ეკავა. კომპანია მას შემდეგ დატოვა, რაც რუსეთის ხელისუფლებამ Sistema-ს პრობლემები შეუქმნა. მისი თქმით, კომპანიის მფლობელი მისი “ამხანაგი” ვლადიმერ ევტუშენკოვია.

ევტუშენკოვი მილიარდერი ოლიგარქია, რომელსაც პუტინთან დაკავშირებულ პირად მიიჩნევენ. მას დასავლეთმა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ სანქციები დაუწესა.

ვლადიმირ ევტუშენკოვია ის პირი, რომლის ბიძინა ივანიშვილთან სატელეფონო საუბრის ჩანაწერებიც 2022 წელს გავრცელდა.

2022 წელს დავით ხიდაშელმა და მისმა ოჯახმა სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ აუქციონებშიც მიიღეს მონაწილეობა: 26 აპრილს ცნობილი გახდა, რომ მას რაჭაში 104 712 ჰექტარი ტყე 49-წლიანი იჯარით გადაეცა. 2023 წლის ნოემბერში აღნიშნული ლიცენზია გაუქმდა.

გარდა ამისა, ხიდაშელის ოჯახმა „რიყის დოქები” 10-მილიონ ლარად შეიძინა.