საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსეთში მომუშავე ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან და ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული რუსი ოლიგარქი, ვლადიმირ ევტუშენკოვი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ოჯახთან დაახლოებული პირია და შესაბამისად, ხიდაშელისა და მისი თანამშრომლობა რეაგირების საფუძველს არ აჩენს.
მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, რომ დავით ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად მუშაობდა 2020 წლიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე და ეს თავად უწყებამ დაადასტურა.
„აქ საუბარი იყო იმაზე, რომ ეს ადამიანი დაახლოებული არის ევტუშენკოვთან, რომელიც არის ბაიდენის ოჯახთან დაახლოებული პირი და არა მგონია აქ რამე რეგულირების საფუძველი იყოს. ევტუშენკოვი არის პირდაპირ დაახლოებული ბაიდენის ოჯახთან.
ამერიკამ არ დაასანქცირა იმის გამო, რომ არის მჭიდრო კავშირში ამერიკულ პოლიტიკურ ელიტასთან, მათ შორის, ბაიდენის ოჯახთან, შესაბამისად აქ სპეკულაციები მე მგონი ზედმეტია“, – განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დავით ხიდაშელს არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა „არავითარ ინფორმაციაზე, მითუმეტეს, საიდუმლო ინფორმაციაზე“.
ამასთან, კობახიძე აღნიშნავს, რომ ადგილი ჰქონდა გარკვეულ „შრომით ურთიერთობას, რომელიც შეწყდა თებერვლიდან“.
რუსეთთან დაკავშირებული ბიზნესმენი, დავით ხიდაშელი ე.წ. კარტოგრაფების საქმის მთავარი მოწმეა. სწორედ მან ჩამოიტანა რუსეთიდან რუკები, რომელთა საფუძველზეც დავით გარეჯთან საზღვრის დამდგენი კომისიის წევრების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას წინააღმდეგ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო და ისინი დააპატიმრა კიდეც.
მაშინ რუსთავი 2-თვის მიცემულ ინტერვიუში დავით ხიდაშელმა ისაუბრა, როგორ სთხოვა დახმარება ამ საქმესთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ბიზნესებს მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში ფლობს.
ხიდაშელს 2014 წლამდე რუსულ კომპანია Sistema-ში მაღალი თანამდებობა ეკავა. კომპანია მას შემდეგ დატოვა, რაც რუსეთის ხელისუფლებამ Sistema-ს პრობლემები შეუქმნა. მისი თქმით, კომპანიის მფლობელი მისი “ამხანაგი” ვლადიმერ ევტუშენკოვია.
ევტუშენკოვი მილიარდერი ოლიგარქია, რომელსაც პუტინთან დაკავშირებულ პირად მიიჩნევენ. მას დასავლეთმა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ სანქციები დაუწესა.
ვლადიმირ ევტუშენკოვია ის პირი, რომლის ბიძინა ივანიშვილთან სატელეფონო საუბრის ჩანაწერებიც 2022 წელს გავრცელდა.
2022 წელს დავით ხიდაშელმა და მისმა ოჯახმა სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ აუქციონებშიც მიიღეს მონაწილეობა: 26 აპრილს ცნობილი გახდა, რომ მას რაჭაში 104 712 ჰექტარი ტყე 49-წლიანი იჯარით გადაეცა. 2023 წლის ნოემბერში აღნიშნული ლიცენზია გაუქმდა.
გარდა ამისა, ხიდაშელის ოჯახმა „რიყის დოქები” 10-მილიონ ლარად შეიძინა.