კლუბები და ფესტივალები: სტუმრებს მოვუწოდებთ, ქალებისაგან პირველ რიგში მიიღონ კომუნიკაციაზე თანხმობა

პუბლიკა

თბილისის საკლუბო სცენამ და ფესტივალებმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც საუბარია ქალების მხრიდან ინფორმირებული თანხმობის მნიშვნელობაზე.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ყველა ადამიანს, რომელიც დროს ჩვენ სივრცეებში ატარებს, ესმოდეს ნამდვილი, ინფორმირებული და განგრძობადი თანხმობის მნიშვნელობა, ითვალისწინებდეს სხვა ადამიანების სურვილებს და პატივს სცემდეს მათ პირად სივრცეს.

იმისთვის, რომ ქალებმა კიდევ უფრო კომფორტულად და დაცულად იგრძნონ თავი, ქალთა ორგანიზაცია „საფართან” ერთად ჩვენ გავიღრმავეთ ცოდნა და დავხვეწეთ შიდა რეგულაციები, რათა უზრუნველვყოთ ქალებისთვის მეგობრული გარემო და დაცულობა. ამისთვის, ჩვენს სტუმრებს მოვუწოდებთ ქალებისაგან პირველ რიგში მიიღონ თანხმობა, რათა ნებისმიერი სახის კომუნიკაცია იყოს სასურველი.

მრავალი წელია ჩვენ ერთად ვქმნით ისეთ სივრცეს, სადაც ადამიანები ცეკვისთვისა და თავისუფლების იდეის გარშემო ერთიანდებიან, რომ ღამე სასიამოვნოდ გაატარონ და ყოველდღიურობის სიმძიმე ჩვენი სივრცის გარეთ დატოვონ. ჩვენი მიზანია თქვენთან ერთად შევქმნათ ისეთი გარემო, რომელშიც მიუხედავად განსხვავებებისა ყველა ადამიანი თანასწორია და ყველას უფლება დაცულია“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „საფარი“ ავრცელებს.

განცხადებას უერთდებიან: KHIDI

Tbilisi Open Air / AlterVision

eZo Festival

Left Bank

TES

Tbili Orgia