მოგიწოდებთ, ზედმიწევნით შეასრულოთ მთავრობის ყველა რეგულაცია - ეპისკოპოსი ლაზარე

პუბლიკა

„როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ბატონი ამირან გამყრელიძე გვაცნობებს, ვირუსის პიკური პერიოდი იწყება და შევდივართ გარკვეულ პრეკრიტიკულ ფაზაში. ამიტომ, მეტად უნდა გაძლიერდეს ყველა ის ღონისძიება, რომელსაც დღეს ქვეყანა ატარებს“ , – აცხადებს ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი ლაზარე. ინფორმაციას ტელეკომპანის „ბორჯომი“ ავრცელებს.

ეპისკოპოსის განცხადებით, ზოგიერთი მოქალაქე ვერ იცავს იმ წესებს, რომელიც სახელმწიფომ დაადგინა  და მან მოუწოდა მრევლს, რომ ზედმიწევნით შეასწრულონ ყველა რეგულაცია.

„მინდა, შეგახსენოთ და მოგიწოდოთ საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის შესახებ  და ზედმიწევნით შეასრულოთ ყველა რეგულაცია.

ღვთისმსახურების დასწრების დროს დაცული იქნას რეკომენდებული დისტანცია თქვენსა და სხვა ადამიანებს შორის.

ვინც არიან რისკჯგუფში შემავალი ადამიანები თქვენივე უსაფრთხოებისათვის, მოგიწოდებთ მაქსიმალურად შეზღუდოთ სხვა ადამიანებთან კონტაქტი, რათა არ შეუქმნათ საფრთხე როგორც საკუთარ თავს, ასევე სხვა ადამიანთა სიცოცხლეს.
მაქსიმალურად შევეცადოთ სახლში დარჩენა და გავაძლიეროთ ლოცვები წმინდა სინოდის განჩინებისამებრ“, – აცხადებს ეპისკოპოსი.

მისი თქმით, ეპარქიის სასულიერო პირები მზად არიან, ვისაც სურვილი აქვს ესტუმრონ სახლებში და შესაბამისი მსახურება ჩაუტარონ.