„კორონავირუსი და შრომითი უფლებები” – ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ამ თემაზე ხშირად დასმულ შეკითხვებზე განმარტებებსა და რეკომენდაციებს ავრცელებს.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დამსაქმებელმა სამსახურიდან გამათავისუფლა. მაქვს თუ არა კომპენსაციის მოთხოვნის უფლება?
– დიახ!
დამსაქმებლის მხრიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, თუ დამსაქმებელმა არ დაიცვა წინასწარი გაფრთხილების 1-თვიანი ვადა, შეგიძლიათ, მოითხოვოთ კომპენსაცია არანაკლებ 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. თუ დამსაქმებელმა 1 თვით ადრე შეგატყობინათ გათავისუფლების შესახებ, თქვენ გეკუთვნით 1 თვის შრომის ანაზღაურება.
დამსაქმებელი მაიძულებს, დავწერო უხელფასო შვებულება. აქვს თუ არა მას ამის უფლება?
– არა!
უხელფასო შვებულების აღება თქვენი უფლებაა და არა ვალდებულება. თქვენ გაქვთ უფლება, უარი განაცხადოთ არანაზღაურებად შვებულებაზე. თუ უარის თქმის შემთხვევაში, დასაქმებულებს ექმნებათ შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი გარემო, აღნიშნული წარმოადგენს შევიწროებას, რაც კანონით არის აკრძალული. ამ შემთხვევაში თქვენ გაქვთ უფლება, მიმართოთ საგამოძიებო ორგანოებს, სასამართლოს ან სახალხო დამცველს.
დამსაქმებელმა დამიქვითა/შემიმცირა ხელფასი, თუმცა მავალდებულებს მუშაობა იმავე გრაფიკით გავაგრძელო, აქვს თუ არა უფლება?
– არა!
თქვენ გაქვთ უფლება, მოითხოვოთ შრომითი ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესისა და პირობების შესაბამისად. ხელფასის ოდენობის ან გადახდის პირობების შეცვლის შესახებ, დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის თანხმობის გარეშე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება ბათილია.
სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლებელია დისტანციურად ვიმუშავო, თუმცა დამსაქმებელი მაიძულებს სამსახურში გამოვცხადდე. შემიძლია თუ არა, მოვითხოვო სამუშაოს დისტანციურად შესრულება?
– დიახ!
თუ სამუშაო ადგილი ატარებს ვირუსის გავრცელების რისკს, შეგიძლიათ, დამსაქმებელს მოსთხოვოთ შრომითი ურთიერთობების მისადაგება შეცვლილ გარემოებებთან, რამდენადაც ეს შესაძლებელია. დისტანციური მუშაობის პირობებში შეგიძლიათ, მოითხოვოთ შრომის სრულად ანაზღაურება და დამსაქმებლისგან შრომითი კონტრაქტითა და შრომის კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება.
მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, შემეძლო დისტანციურად შემესრულებინა სამუშაო, დამსაქმებელმა გადაწყვიტა სამსახურიდან ჩემი გათავისუფლება/არ მიხდის ხელფასს/შემიმცირა ხელფასი. აქვს თუ არა დამსაქმებელს ამის უფლება?
– არა!
თუ დამსაქმებელი სამუშაო პირობების შეცვლილ ვითარებასთან მისადაგების ნაცვლად არჩევს საქმიანობის შეჩერებას, უარს ამბობს ხელფასის გადახდაზე ან გიმცირებთ ხელფასს, შეგიძლიათ, დამსაქმებლისგან მოითხოვოთ სამუშაო ადგილის შენარჩუნება და შრომის სრულად ანაზღაურება, ხოლო სასამართლოსგან მოითხოვოთ, სამუშაოს შეჩერების, შეწყვეტის ან ხელფასის შემცირების შესახებ ყველა გადაწყვეტილება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, აღიარებულ იქნას ბათილად.
დისტანციურ მუშაობაზე ვარ გადასული. დამსაქმებელი მიკრძალავს ქალაქის დატოვებას. აქვს თუ არა მას ამის უფლება?
– არა!
დისტანციური მუშაობის განმარტება არ არსებობს ჩვენი კანონმდებობით, თუმცა ეს გულისხმობს მდგომარეობას, როდესაც ჩვეულებრივი სამუშაო ადგილი იცვლება და დასაქმებული მის მიერ არჩეული ადგილიდან ასრულებს სამუშაოს დამსაქმებლისათვის. მოცემული ვითარებიდან გამომდინარე, თქვენ გევალებათ დისტანციურად შეასრულოთ სამუშაო და ადგილის თავისუფლად განსაზღვრის უფლება თავად გაქვთ.
სამუშაო ადგილას არ მიგვიწვდება ხელი პირბადეებსა და ჰიგიენის სხვა საშუალებებზე. აკისრია თუ არა ვალდებულება დამსაქმებელს უზრუნველყოს ჩემი უსაფრთხოება?
– დიახ!
შრომის კოდექსის 35-ე მუხლის შესაბამისად, თქვენ გაქვთ უფლება, მოითხოვოთ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემო. სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, შეგიძლიათ, მოითხოვოთ სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება, დასაქმებულების სადეზინფექციო ხსნარებითა და პირბადებიით მომარაგება და ა.შ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიმართეთ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს, რომელიც ვალდებულია, დამსაქმებლის მიმართ შესაბამისი ზომები გაატაროს. ამ პერიოდში თქვენ უფლება გაქვთ, უარი განაცხადოთ სამუშაოზე. აღნიშნული ჩაითვლება თქვენ იძულებით მოცდენად და მოცდენის განმავლობაში გეკუთვნით ხელფასის სრულად ანაზღაურება.
დამსაქმებელს შევატყობინე, რომ ვიმყოფები თვითიზოლაციაში, თუმცა მაინც მაიძულებს გამოვცხადდე სამსახურში. აქვს თუ არა ამის უფლება?
– არა!
ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, ვისაც ჰქონდა ან შეიძლება ჰქონოდა შეხება დაავადების წყაროსთან, ვალდებულია იყოს თვითიზოლაციაში დაავადების წყაროსთან შეხებიდან 14 დღის განმავლობაში. დამსაქმებელს არ აქვს უფლება, მოგთხოვოთ კანონსაწინააღმდეგო ქმედება;