საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციას მორიგი პოსტით ეხმიანება:
„რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტის მეორე დღე თბილისში. ხელისუფლების დაჟინება, რომ მიიღოს ეს კანონი საზოგადოების სურვილის საწინააღმდეგოდ და პარტნიორების პროტესტის მიუხედავად არის პირდაპირი პროვოკაცია – დესტაბილიზაციის რუსული სტრატეგია“, – წერს პრეზიდენტი X-ზე.
აქციიდან კადრებში ჩანს, რომ შსს-მ უკვე გამოიყენა ცრემლმდენი სპრეი. პარლამენტის უკანა ტერიტორია სპეცრაზმელებმა მოქალაქეებს ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.
რამდენიმე წუთით ჩაირთო ასევე შსს-ს გაფრთხილების სისტემაც.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ თუ აქციის მონაწილეები გააგრძელებენ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს.