საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე აცხადებს, რომ საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს, ბიძინა ივანიშვილის ოფშორულ ქონებას არ ეხება.
მისი თქმით, ამ კანონის მიზანი გამჭვირვალობაა. კვიჟინაძე ამტკიცებს, რომ შესაძლო სანქცირების შემთხვევაში ივანიშვილი ქონებას სანქციებისგან ამ გზით ვერ დაიცავს.
„ეს კანონი, რომელზეც ახლა ვლაპარაკობთ, გუშინდელი კანონი რომ არ ყოფილიყო, არც გაახსენდებოდათ. […]
ბატონ ბიძინაზე მინდა ვთქვა: ჯერ ერთი, რომც გადმოიტანოს, რა? თქვენ არ იძახით, გაუმჭვირვალეა და რაღაცო? გამჭვირვალე გახდება. რა არის ცუდი? ბატონ ბიძინაზე ვერიდები ხოლმე საუბარს, მაგრამ თუ საქართველოში რამე კარგი გაკეთდა, ბატონი ბიძინას გაკეთებული არაა ყველაფერი? ერთი მთაწმინდის პარკია, მოგეწონება, ბატონი ბადრის [პატარკაციშვილი] გაკეთებული, ცხონებულის, დანარჩენი სუყველაფერი ბატონი ბიძინას გაკეთებული არ არის? ეკლესიები, თეატრებია თუ რაც უნდა იყოს და რა გადაიხადა საქართველოშიო. მეტი რა უნდა გადაიხადოს და კიდევ ვიმეორებ, რაც ყველაზე მეტი ტყუილია – უნდაო აქ გადმოიტანოს ყველაფერიო, ეშინია, არ დაასანქცირონო. ამაზე მეტ ტყუილს ვერ მოიფიქრებდით.
თუ სანქცირება მოხდა ამერიკისგან თუ ევროპისგან, ვერაფერი ვერ უშველის, ვერაფერს გააკეთებ, იქნება დასანქცირებული ყველა ბანკში… ესაა პოლიტიკური, გუშინდელის გაგრძელება, რომ აწიონ თემა და იყოს ამ თემაზე გაჩერებული. კიდევ ერთხელ ვამბობ, არაა დაკავშირებული ეს ბატონ ბიძინასთან, მაგრამ რომც იყოს, რა? ცუდი რა არის?
ოქრო იყიდაო – თუ სანქციები დაწესდა და რატომ უნდა დაწესდეს, არ ვიცი, კაცს ქველმოქმედების მეტი არაფერი გაუკეთებია, გამჭვირვალობას ვაკეთებთ ახლა და ყველაფერი და გამორიცხულია, რომ დაწესდეს, მაგრამ თეორიულად რომ დაუშვა, ვერც ოქროს გადაიტანს, ვერც გაყიდის, ვერც გამოყდის, იმნაირ აბსურდზე გადადიან, წარმოუდგენელი რაღაცაა…
თუ თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ მთელი ხალხი თქვენს გვერდით დგას, თუ დარწმუნებული ხართ, რომ არჩევნებს მოიგებთ, მაშინ რა განერვიულებთ? მივიღებთ გუშინდელ კანონს თუ დღევანდელ კანონს, რომ მოხვალთ ოქტომბერში, გააუქმეთ. ერთი დღე უნდა დაჩქარებულად, მაქსიმუმ, ორი დღე. მაგრამ იცით, რომ არ არის მხარდაჭერა. არის რაღაც რაოდენობა, რომელსაც გულწრფელად სჯერა; რაღაც რაოდენობა ფულს იღებს, მაგრამ იმის გარდა არის 3.5 მილიონი ადამიანი.
ზოგი 30 000-ს იძახის, ზოგი – 40 ათასს, არ მინდა, ამ თემაზე გადავიდე. აქ ვარ გაზრდილი [რუსთაველზე], სანამ ეს რაღაცები [პარლამენტის წინ გამწვანება] არ იყო, პარლამენტის ცოტა იქით, ცოტა – აქეთ რომ გაივსებოდა, ეს იყო 10 000 კაცი – სტანდარტი. ახლა გასაგებია [გამწვანების გათვალისწინებით], რა რაოდენობაც არის. ძალიან კარგი, გამოხატვის თავისუფლებაა, ღმერთმა ხელი მოუმართონ, გააკეთონ, ეს მათი უფლებაა, მაგრამ ნუ ამბობენ, რომ 50-70 ათასი იყოო [აქციაზე]“, – განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.
კანონპროექტი პარლამენტში მეორე მოსმენით განიხილეს და მალე კენჭს უყრიან. დღესვე შედგება მისი მესამე მოსმენა. კენჭისყრა ხვალ გაიმართება.
ოპოზიცია კანონპროექტს აკრიტიკებს და მას ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირებას უკავშირებს.
კანონპროექტით გარდამავალ დებულებებს ემატება ახალი ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ – შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნებში (ე.წ. ოფშორი) რეგისტრირებულ აქტივები, საქართველოში რეგისტირებულ კომპანიაზე გადმოფორმების შემთხვევაში, გათავისუფლებული იყოს მოგების/საშემოსავლო და იმპორტის გადასახადისგან.
„საუბარია ისეთ საგადასახადო შეღავათებზე, რომელიც გავრცელდება აქტივებზე, რომელიც „დღეს ოფშორულ კომპანიაშია თავმოყრილი და გადმოეცემა იმავე ოფშორის მფლობელი ფიზიკური პირის კონტროლქვეშ არსებულ ქართულ კომპანიას“