„ლელომ“ პოლიციის სამმართველოსთან ირაკლი კუპრაძის გათავისუფლება მოითხოვა

პუბლიკა

პარტია „ლელომ“ პოლიციის სამმართველოსთან ბრიფინგი გამართა და პარტიის გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის გათავისუფლება მოითხოვა.

„ჩვენ შევიკრიბეთ პოლიციის სამმართველოსთან, რათა ძალიან მკაფიოდ დავაფიქსიროთ პირველი – ირაკლი კუპრაძის მიმართ მხარდაჭერა, პარტია ლელო საქართველოსთვის გენერალური მდივნის, რომელიც ორი დღის წინ პოლიციამ აბსოლუტურად უკანონოდ დააპატიმრა და დღემდე არ ვიცით, ესე ვთქვათ, არანაირი ბრალდება, თუ რა დააშავა მან.

ჩვენ ვიცით კადრები, იქ ვიყავით, თუ როგორ შეათრიეს იგი და ესე ვთქვათ, თავისი უხეში ქმედებით, როგორ აღუკვეთეს მას თავისუფლება.

მე მინდა მთელ საზოგადოებას ვუთხრა, ეს ბრძოლა არის მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისი. ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენს ქვეყანას თავზე მოახვია კანონმდებლობა, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ქართულ სულისკვეთებას, პირდაპირ ეწინააღმდეგება თავისუფლებას და, რაც ყველაზე მთავარია, ეწინააღმდეგება, ჩვენს ევროპულ გზას. ამიტომ ეს ბრძოლა იქნება პრინციპული“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

[…] თავისუფლება ირაკლი კუპრაძეს! ჩვენ აქ მოვედით, რომ დავაფიქსიროთ ძალიან სერიოზული პროტესტი, არა მარტო ამის გამო, არამედ იმის გამოც, რაც დღეს ხდება ქვეყანაში“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

„მეგობრებო, უნდა გითხრათ რომ რაც ეხლა ხდება, გუშინაც, რაც ვნახეთ, რაც ირაკლი კუპრაძის მიმართ განხორციელდა, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. ირაკლი კუპრაძეზე განხორციელდა ძალადობა. გუშინ ვნახეთ, ალეკო ელისაშვილიც იქნა ნაცემი უფრო უმოწყალოდ. პოლიციელებს, ვინც ამ ბრძანებებს იღებს, მათი უფროსებისგან, მინდა უთხრა, რომ ისინი ჩადიან სისხლის სამართლის დანაშაულს, რომელსაც აქვს დიდი ხანდაზმულობის ვადა. ეხლა, ამ წუთას, მათ ხელს აფარებს „ქართული ოცნება“, მაგრამ ყველას მინდა ვუთხრა რომ თავი შეიკავონ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისაგან, იმიტო რომ აუცილებლად პასუხს აგებენ, როცა „ქართული ოცნება“ წავა ხელისუფლებიდან, და ეს მოხდება ძალიან მალე“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ირაკლი კუპრაძე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე 2 დღის წინ დააკავეს.