პარტიები „გირჩი – მეტი თავისუფლება” და „დროა” საჯარო მოხელეებს მიმართავენ და საქართველოს სახელმწიფოებრიობის, ახალი თაობისა და საერთო ევროპული მომავლის გვერდით დადგომისკენ მოუწოდებენ. ერთობლივ განცხადებაში საუბარია მმართველი პარტიის მიერ საჯარო მოხელეების მიმართ განხორციელებულ წნეხზე.
„ჩვენ კარგად ვიცით პოლიტიკური წნეხის მასშტაბი, რომელსაც მმართველი პარტია იყენებს საჯარო მოხელეების მიმართ, რათა თქვენ თავისუფლად არ დააფიქსიროთ სამოქალაქო პოზიცია რუსული კანონის წინააღმდეგ. სისტემა ლპობის საბოლოო ფაზაშია და თქვენი ადგილი არა ამ რუსული სისტემის, არამედ საქართველოს თავისუფალი მოქალაქეების გვერდით, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის სადარაჯოზეა.
ჩვენ გვჯერა მოქნილი, მცირე, ეფექტიანი, მაღალპროფესიული და პოლიტიკური გავლენებისაგან თავისუფალი საჯარო სამსახურის. ჩვენ გვჯერა პროფესიონალი, კარიერული საჯარო მოხელეების და ვაფასებთ მათ წვლილს დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიზაციასა და მოდერნიზაციაში.
ვდებთ პირობას, რომ ოლიგარქ ივანიშვილის ავტორიტარული რეჟიმის დასრულებისა და კოალიციური, ევროპული მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, ვიბრძოლებთ, რომ ბაღის აღმზრდელებს, სკოლის მასწავლებლებს, უბნის ინსპექტორებს, სოფლის რწმუნებულებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სხვა წარმომადგენლებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლებს, სხვა საჯარო მოხელეებს, აღარასდროს მოუწიოთ მმართველი ძალის სასარგებლოდ საარჩევნო ხმების გამოძალვა.
კეთილსინდისიერი საჯარო მოხელეები აღარასდროს გახდნენ პროპაგანდის ინსტრუმენტი პოლიტიკური ხელმძღვანელობის ხელში. აღარასდროს მოგიწიოთ თქვენი ნების საწინააღმდეგოდ, ხელმძღვანელობის მითითებით, გააზიაროთ და დააკომენტაროთ მთავრობისთვის სასურველი შინაარსები სოციალურ ქსელებში.
საჯარო სამსახურში მიღებისა და კარიერული დაწინაურების პროცესი დაეფუძნოს კომპეტენციას, პროფესიონალიზმსა და გამოცდილებას და არა მმართველი ძალის პოლიტიკურ ერთგულებას.
დადექით საქართველოს სახელმწიფოებრიობის, ჩვენი ახალი თაობისა და საერთო ევროპული მომავლის გვერდით”, – აღნიშნულია განცხადებაში.