საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთში კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენციაში (cpac) მიიღებს მონაწილეობას. მისი სახელი მითითებულია კონფერენციის სპიკერებს შორის.
მომხსენებელთა შორის არიან უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი და კონსერვატორი პოლიტიკოსები სხვადასხვა ქვეყნიდან.
კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენცია ბუდაპეშტში 25-26 აპრილს ჩატარდება. კონფერენციის დღის წესრიგის მიხედვით, სასაუბრო თემებს შორის იქნება „სუვერენიტეტი ცოცხლობს, გლობალიზმი კვდება“, პანელური დისკუსია „სუვერენიტეტი ამარცხებს ტერორიზმს“, „გადაარჩინე დასავლეთი, დაიცავი საზღვრები“, „2024 – არჩევნების სუპერწელი“, „გენდერი ნული“ და ა.შ.
დღეს, 22 აპრილს საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომ ირაკლი კობახიძე სამთავრობო დელეგაციასთან ერთად 24-25 აპრილს უნგრეთში ვიზიტს გეგმავს. ვიზიტის მიზანი განცხადებაში მითითებული არ იყო.
შარშან, 4-5 მაისს გამართულ კონფერენციაში მაშინდელმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო მონაწილეობა. კონფერენციის შინაარსი ჰომოფობიური იყო.
კონფერენციაზე ღარიბაშვილს ჰომოფობიური და ტრანსფობიური გამოსვლა ჰქონდა.
„ევროპელი სოციალისტების” პარტიამ (PES) უნგრეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის კონსერვატიულ პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციაში (CPAC) მონაწილეობის მიღება დაგმო. ამის შემდეგ მალევე „ოცნებამ“ PES დატოვა.