თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი ამბობს, რომ იწყებენ ხელმოწერების შეგროვებას, რათა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნივერსისტეტში საქმიანობა აღარ გააგრძელოს.
მათი თქმით, კობახიძეს „არ აქვს მორალური და სამართლებრივი უფლება, რომ სტუდენტებთან შეხება ჰქონდეს“.
„ჩვენ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას და შევქმნით პეტიციას და მიზანი იქნება ის, რომ ირაკლი კობახიძემ აღარ გააგრძელოს საქმიანობა სახელმწიფო უნივერსიტეტში. მას არ აქვს მორალური და სამართლებრივი უფლება, რომ სტუდენტებთან შეხება ჰქონდეს.
ჩვენ ვნახეთ, თუ როგორი ამაზრზენი ფაქტი მოხდა 2 დღის წინ უნივერსიტეტის ეზოში, როდესაც სტუდენტს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ მისი [კობახიძის] დაცვის წევრები.
ჩვენ ვხედავთ, იმ პრორუსულ პოლიტიკას, რომელსაც ატარებს მთავრობის ხელმძღვანელი. შესაბამისად, ვიცით და გააზრებული გვაქვს, რომ ხელმოწერებს არ ექნება აზრი და უნივერსიტეტის რექტორი, ჯაბა სამუშია არ გაითვალისწინებს ამ ყველაფერს, მაგრამ ვაპირებთ გავაგებინოთ საზოგადოებას, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს არ გვსურს, რომ ირაკლი კობახიძემ გააგრძელოს ამ უნივერსიტეტში მოღვაწეობა. მას ამის უფლება არ აქვს“, – აცხადებს ერთ-ერთი სტუდენტი.
20 აპრილს, სტუდენტური მოძრაობა „თავისუფლებისთვის“ წევრმა, ნიკო მანაგაძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიმართ რუსული კანონის გამო პროტესტი გამოხატა. ლექციის შემდეგ ირაკლი კობახიძე უნივერსიტეტის შენობას დაცვასთან ერთად ტოვებდა, როდესაც მანაგაძეს რამდენიმე პირი თავს დაესხა.
მანაგაძის თქმით, მასზე ფიზიკურ თავდასხმაზე კობახიძეს „ნულოვანი“ რეაქცია ჰქონდა.