SJC: აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

პუბლიკა

სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მშვიდობიან მონაწილეს, ანდრო ჭელიძეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი და ის მიზნად ისახავს რეპრესიული ფორმით აქციის მონაწილეების დაშინებასა და პროტესტის ჩახშობას. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ ანდრო ჭელიძე პოლიციამ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის შეურაცხყოფის „შაბლონური” საფუძვლით დააკავა.

„დაკავების მომენტში და ძველი თბილისის I სამმართველოში გადაყვანისას ამავე სამმართველოს თანამშრომლებმა ფიზიკურად იძალადეს. დაკავებული აქციის მიმდინარეობისას მხოლოდ რუსების მისამართით იგინებოდა, რაც სრულად ექცევა გამოხატვის თავისუფლებაში და არ წარმოადგენს სამართალდარღვევას. აქციაზე ანდრო ჭელიძესთან ერთად დააკავეს აქციაზე მყოფი ლუკა ირემაშვილი, რომელიც დაკავებულზე ძალადობის მობილურით გადაღებას ცდილობდა.

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ვიდეო მტკიცებულებები ნათლად ასახავს, როგორ ძალადობს მთავრობის კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე პოლიციელი ფიზიკურად ანდრო ჭელიძეზე. ძირს წაქცეულ აქციის მონაწილეს ორი პოლიციელი ფეხებს ურტყამს, დანარჩენი სამართალდამცავები კი ფაქტს რეაგირების გარეშე უყურებენ. დაზარალებულის თანხმობით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი აქვეყნებს მოწმის მიერ გადაღებულ აღნიშნულ ვიდეოჩანაწერს. ძალადობრივი დაკავების კადრები გაავრცელა ტელეკომპანია ფორმულამაც. ანდრო ჭელიძის მიმართ შსს ცალკეული თანამშრომლების მიერ შესაძლო ძალადობის ფაქტზე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაწყებულია გამოძიება.

19 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ირაკლი ჩიკაშუამ, ნეიტრალური მტკიცებულების გარეშე, მხოლოდ პოლიციელების ჩვენებების საფუძველზე ცნო პირი სამართალდამრღვევად და მის მიმართ ყველაზე მკაცრი სახდელი – ადმინისტრაციული პატიმრობა აბსოლუტურად დაუსაბუთებლად გამოიყენა. საქმეში არანაირი მყარი მტკიცებულება პოლიციას არ წარმოუდგენია, დაცვის მხარე კი ნათლად, მათ შორის მოწმეების ჩვენებით, ასაბუთებდა, რომ დაკავებულს სამართალდარღვევა არ ჩაუდენია. სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას შინაგან საქმეთა სამინისტრო მოითხოვდა ანდრო ჭელიძის მიმართ უმკაცრესი სახდელის გამოყენებას, რომელსაც მსუსხავი ეფექტი ექნებოდა შეკრებისა და მანიფესტაციების სხვა მონაწილეების მიმართაც. თბილისის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობის შეფარდების შესახებ სოციალური სამართლიანობის ცენტრის საჩივარი დაუშვებლად ცნო.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით, ადმინისტრაციული პატიმრობა უკანონოა, როდესაც სასამართლო ვერ წარმოადგენს მკაფიო მიზეზებს პიროვნებისთვის პატიმრობის შესაფარდებლად. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ანდრო ჭელიძისთვის პატიმრობის შეფარდება ევროპული კონვენციის მე-5 მუხლით გარანტირებულ თავისუფლების უფლებას არღვევს მისი თვითნებური და არაპროპორციული ხასიათის გამო.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი გაუმართლებლად მიიჩნევს აქტივისტების უსაფუძვლოდ დაკავებისა და მათ მიმართ მკაცრი ადმინისტრაციული სახდელების გამოყენების მანკიერ პრაქტიკას“, – ვკითხულობთ განცხადებაში. 

ორგანიზაცია აქვეყნებს ანდრო ჭელიძის დაკავების ვიდეოსაც.