კრამონი: მალე უნდა შევთანხმდეთ სანქციებზე მათ მიმართ, ვისაც საქართველოს გარდაქმნა სურს

პუბლიკა

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი კიდევ ერთხელ აკრიტიკებს რუსულ კანონს და აცხადებს, რომ მისი მიღების შემთხვევაში, საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი არ დაიწყება.

მან ასევე ისაუბრა შესაძლო სანქციებზე და აღნიშნა, რომ აუცილებელია დაუყოვნებლივ შემუშავდეს სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოს გარდაქმნას და მის რუსულ მოდელზე გადაყვანას ცდილობს.

„რის გაკეთება შეგვიძლია? მე ვფიქრობ, რომ ჩვენ, რაც შეიძლება მალე, უნდა შევთანხმდეთ სანქციებზე და დავრწმუნდეთ, რომ ის მიმართული იქნება მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს გარდაქმნა სურს და საქართველოს რუსული მოდელით აშენება უნდა. ეს დაუშვებელია. ჩვენ „ქართული ოცნების” მიერ არ უნდა მოვტყუვდეთ…

თუ გახსოვთ პრემიერ-მინისტრის ბოლო ვიზიტი ბერლინში, მან ვერ მიიღო გერმანიის კანცლერის კრიტიკა და საწყალ თარჯიმანს დააბრალა… ჩვენ ვიცით, სინამდვილეში რაც ხდება, ვაკვირდებით და „ქართული ოცნება” ვერ გაგვაცურებს […] მოლაპარაკებების გახსნის შანსი ვერ იქნება, თუ ამ კანონს არ გაიწვევენ”, – განაცხადა კრამონმა.