მედიაკოალიცია: გრძელდება ფიზიკური ანგარიშსწორება ჟურნალისტების მიმართ

პუბლიკა

მედიის ადვოკატირების კოალიცია „ფორმულას” ჟურნალისტზე, ია სართანიაზე თავდასხმის ფაქტს ეხმიანება.

მედიაკოალიცია მოუწოდებს ხელისუფლებას, გამოიძიოს ჟურნალისტზე თავდასხმის ფაქტი.

განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე თავდასხმა არის გახშირებული, რასაც ,,ახალისებს ხელისუფლების მხრიდან კრიტიკული მედიის დისკრედიტირების მცდელობა და კომენტარები, რომლებიც თავისუფალი მედიის მტრად წარმოჩენას ისახავს მიზნად”.

„ჟურნალისტებზე თავდასხმა პრესის თავისუფლების დარღვევაა და დემოკრატიული საზოგადოებას მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის. სამწუხაროდ, ხელისუფლება არ უზრუნველყოფს ქვეყანაში მედიის წარმომადგენლების უფლებების დაცვას და უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას. მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს ხელისუფლებას, დროულად გამოიძიოს ჟურნალისტზე თავდასხმის შემთხვევა და დამნაშავე პირის კანონმდებლობის შესაბამისად პასუხისგებაში მიცემა”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

„ფორმულას” ჟურნალისტს, ია სართანიას გუშინ უცხო პირი თავს დაესხა მეტროში.

ჟურნალისტი ჰყვებოდა, რომ კაცმა მას ხელი ჰკრა და აგინა. სართანიას თქმით, მას ეკეთა ჩანთა, რომელზეც ტელეკომპანიის ლოგო იყო გამოსახული.