მდინარაძე: რა სანქცია, წინაპრები თავს წირავდნენ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის...

პუბლიკა

„ასეთი კანონების დაინიცირებისთვის, სანქციებით მუქარას თუ გაუბედავდა ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს ვინმე, ამისი წარმოდგენა შესაძლებელი იყო?” – „ქართული ოცნების” დეპუტატი, მამუკა მდინარაძე ეხმიანება შესაძლო სანქციების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

ის კვლავ საუბრობს „დეზინფორმაციასა და კონტექსტის დამახინჯებაზე” და ამბობს, რომ წლების წინ ამას ვერავინ წარმოიდგენდა.

„რა სანქცია, ჩვენი წინაპრები თავს წირავდნენ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის… როგორც ჩანს, აქამდეც მივედით და ამით კიდევ უფრო ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, დამოუკიდებლობა, ჭეშმარიტი ევროპული გზა და დემოკრატია, ოჯახური ღირებულებები, ქართული იდენტობა და ტრადიციები, ადამიანის უფლებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ, სუვერენიტეტის განმტკიცების, დეოკუპაციის, ქვეყნის განვითარების და ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობის გზაზე. ჩვენთვის მარტივად არაფერი ხდება, მაგრამ მაინც ყოველთვის გამარჯვებულები გამოვალთ, მთავარია მართლები ვიყოთ საკუთარი სამშობლოს და მისი ღირსეული მომავლის წინაშე”, – წერს მდინარაძე.

ევროპარლამენტში რუსული კანონის შესახებ დებატები მიმდინარეობს – იქ წარდგენილია რეზოლუციის 4 პროექტი, რომელსაც ხუთშაბათს უყრიან კენჭს.

ევროპარლამენტში ინიციირებული ერთ-ერთი რეზოლუციის პროექტის თანახმად ევროპარლამენტარები ეწინააღმდეგებიან „ქართული ოცნების” მიერ წარდგენილ კანონპროექტს და აღნიშნავენ, რომ ის მსგავსია რუსეთის ფედერაციაში 2012 წელს მიღებული კანონისა.

პროექტის ავტორები არიან მირიამ ლექსმანი, რასა იუკნევიჩიენე, დევიდ მაკალისტერი, ანდრიუს კუბილიუსი და სხვები, რომლებიც აღნიშნავენ, რომ მისი მიღება არამხოლოდ დააზიანებს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, არამედ ძირს გამოუთხრის დამოუკიდებელი სამოქალაქო სექტორისა და მედიების საქმიანობებს.