პაპუაშვილი აუსტრევიჩუსის განცხადებაზე განმარტებას ლიეტუვის საელჩოს სთხოვს 

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ლიეტუვის საელჩოს განმარტებას სთხოვს პეტრას აუსტრევიჩუსის განცხადებაზე, რომლითაც მან ევროკავშირს მოუწოდა, სანქციები დაუწესდეს ყველას, „ვინც დემოკრატიულ პროცესებს უთხრის ძირს საქართველოში”.

აუსტრევიჩუსმა დასასანქცირებელთა შორის დაასახელა თბილისის პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე და  განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი, ზვიად ხარაზიშვილი.

შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ეს თავდასხმაა „ქართულ სახელმწიფოზე”.

„ევროპარლამენტის ერთ-ერთი წევრისგან, პეტრას აუსტრევიჩუსისგან ჩვენ ვნახეთ პირდაპირი თავდასხმა ქართულ პოლიციაზე. ეს ევროპარლამენტარი გახლავთ ლიეტუვის სახელისუფლებო პარლამენტის წევრი. თავდასხმა პოლიციაზე არის თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე. მნიშვნელოვანია, ვინაიდან ის არის ლიეტუვის სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენელი. კარგი იქნება, თუ შესაბამის განმარტებებს მოვისმენთ ლიეტუვის საელჩოსგანაც, რას ნიშნავს ეს თავდასხმა ქართულ პოლიციაზე”, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.

ევროპარლამენტში ინიციირებული ერთ-ერთი რეზოლუციის პროექტის თანახმად ევროპარლამენტარები ეწინააღმდეგებიან „ქართული ოცნების” მიერ წარდგენილ კანონპროექტს და აღნიშნავენ, რომ ის მსგავსია რუსეთის ფედერაციაში 2012 წელს მიღებული კანონისა.

პროექტის ავტორები არიან მირიამ ლექსმანი, რასა იუკნევიჩიენე, დევიდ მაკალისტერი, ანდრიუს კუბილიუსი და სხვები, რომლებიც აღნიშნავენ, რომ მისი მიღება არამხოლოდ დააზიანებს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, არამედ ძირს გამოუთხრის დამოუკიდებელი სამოქალაქო სექტორისა და მედიების საქმიანობებს.