სტანო: კანონი შეუსაბამოა ევროპულ ღირებულებებთან, გვაქვს კომუნიკაცია მთავრობასთან

პუბლიკა

ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერი, პიტერ სტანო კვლავ იმეორებს, რომ „ქართული ოცნების“ რუსული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს და იმ შემთხვევაში, თუ მას საბოლოოდ მიიღებენ, ევროინტეგრაციის გზაზე ეს ნეგატიურად იმოქმედებს.

„როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა თქვა და მეც გავიმეორებ, ეს კანონი არ არის ევროპულ ღირებულებებსა და ევროპულ მოლოდინთან შესაბამისობაში; თუ მას საბოლოოდ მიიღებენ, ის იმოქმედებს ევროკავშირთან დაახლოების შესახებ საქართველოს ამბიციის საწინააღმდეგოდ.

ამიტომ, ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს კომუნიკაცია ადგილზე მთავრობასა და პარლამენტარებთან, რათა ცხადი გავხადოთ, რა არის ამ კანონში პრობლემა და რა იქნება ამ კანონის ნეგატიური შედეგები – პირველ რიგში, ეს ეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიასა და სამოქალაქო სექტორს და მეორე მხრივ, რა ნეგატიური შედეგები შეიძლება მოიტანოს საქართველოს გაცხადებული მიზნისთვის, რომ წინ წაიწიოს ევროკავშირში გაწევრების გზაზე.

ევროკომისია გაფართოების პაკეტის ფარგლებში ამზადებს ანგარიშს შემოდგომისთვის და ეს ყველაფერი იქ აისახება და როგორც ნებისმიერ სხვა კანდიდატი ქვეყნის შემთხვევაში, თუ გარკვეულ საკითხებზე არ იქნება პროგრესი ან იქნება უკან დახევა, ეს გავლენას მოახდენს ზოგად მიდგომასა და ქვეყნის ზოგად პროგრესზე, რათა მიაღწიოს ევროკავშირთან დაახლოების გაცხადებულ პრიორიტეტს”, – აღნიშნა მან.