იარლიყის მიწებებაზე ფოკუსირება არ შეესაბამება EU-ს მიდგომას - ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი

პუბლიკა

საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში ვერა იუროვას შეხვდა. იუროვამ შეხვედრის შემდეგ X-ზე დაწერა, რომ დარჩიაშვილთან რუსული კანონი განიხილა და აღნიშნავს, რომ ის ევროკავშირის მიდგომასთან შეუსაბამოა.

„უცხოურ დაფინანსებაზე სწორი მიდგომა ფოკუსირებული უნდა იყოს გამჭვირვალობაზე. საქართველომ ინსპირაცია უნდა აიღოს ევროკავშირისგან. სანქციებზე/იარლიყის მიწებებაზე/საქმიანობის შეზღუდვაზე ფოკუსირება არ შეესაბამება ევროკავშირის მიდგომას”, – წერს ის.

ამასთან, როგორც მან ჟურანლისტებთან საუბრის დროს განაცხადა, მინისტრს ურჩია, რომ ევროკავშირის დირექტივისთვის გადაეხედა – მისი თქმით, ევროკავშირი დაფინანსების გამჭვირვალობის გაზრდა ისე აპირებს, რომ არ მოახდინოს არასამთავრობო ორგანიზაციების სტიგმატიზაცია.

„მე ვურჩიე მინისტრს, რომ გადახედოს ჩვენს დემოკრატიის დაცვის დირექტივას, რომლის მიზანი ასევე არის უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის გაზრდა, მაგრამ მე მჯერა, რომ ევროკავშირი ამის გაკეთებას ისე აპირებს, რომ არ მოახდინოს არასამთავრობო ორგანიზაციების სტიგმატიზაცია და უცხოური აგენტების იარლიყის მიწებება”, – განაცხადა მან.