შსს: მართლწესრიგის აღდგენის მიზნით, გამოვიყენეთ კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ „მართლწესრიგის აღდგენის მიზნით”, შსს-მ კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები გამოიყენა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულები არიან პარლამენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის შენობების მიმდებარე ტერიტორიაზე.

მიუხედავად ადგილზე მყოფი პოლიციელების არაერთი მოწოდებისა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადებისა, რომ გაეთავისუფლებინათ დეპუტატებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის საკანონმდებლო ორგანოს გამოსასვლელები, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს.

მართლწესრიგის აღდგენის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები.

აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, ასევე, მათი მიმართულებით ისროლეს სხვადასხვა საგანი.  კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, პოლიტიკურ ლიდერებს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს.  კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება”, – ნათქვამია განცხადებაში.


პარლამენთან მოქალაქეები რუსულ კანონს აპროტესტებენ.

სპეცრაზმი მოქალაქეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეის იყენებს. პარლამენტის უკან, მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეებს მათ სპრეი რამდენჯერმე შეასხეს.

მოქალაქეები ამბობენ, რომ პოლიციამ მათზე ფიზიკურადაც იძალადა.

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც პარლამენტის პლენარული სხდომის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე შენობის ერთ ჭიშკართან ჟურნალისტები განლაგდნენ, მეორე მხარეს კი მოძრაობა „ახალის” წევრები, რათა დეპუტატებისთვის დისკომფორტი შეექმნათ.