არასამთავრობო ორგანიზაციები გუშინ ხელისუფლების მიერ აქციის ძალადობრივად დაშლას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ სახელმწიფომ დაარღვია სპეციალური საშუალებების გამოყენების წესები, ასევე, დემონსტრანტების მიმართ გამოიყენა ძალა, რაც ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში გამოიხატებოდა.
„შსს-ს მიერ რუსული კანონის წინააღმდეგ მშვიდობიანი აქციის დარბევა არალეგიტიმური და არაპროპორციული იყო. გამოყენებული ფიზიკური ძალა გაუტოლდა წამებას, არაადამიანურ, დამამცირებელ მოპყრობას, ხოლო ადმინისტრაციული დაკავების პრაქტიკა კვლავ შეკრების თავისუფლების მომეტებული შეზღუდვის ინსტრუმენტად იქცა.
აქციის დარბევის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება იყო უკანონო ორი საფუძვლით: არ არსებობდა შესასვლელების ბლოკირების მიზნით დემონსტრანტების დარბევის საფუძველი, ასეთი საფუძვლის არსებობის შემთხვევაშიც კი არ არსებობდა მთლიანი აქციის დარბევის წინაპირობა.
როგორც საჯარო წყაროებიდან ირკვევა, საპროტესტო აქციის დარბევის დროს გამოყენებული იყო, ცრემლმდენი გაზი, რეზინის ტყვიები, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი. სახელმწიფომ დაარღვია აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენების წესები. აქციის დარბევისას მოქალაქეთა მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას, გამოვლინდა სამართალდამცავების მხრიდან, სავარაუდო, არასათანადო მოპყრობის არაერთი ფაქტი, რაც გამოიხატა დემონსტრანტების მიმართ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში”, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ, რუსთაველის გამზირზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო, 63 ადამიანი დააკავეს.
ამასთან, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თვითონ შეიჭრა პოლიციის კორდონში და წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც სხეულის დაზიანება მიიღო.