საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში ბოლო დროს მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს აქვეყნებს. ის ეხმაურება გუშინ ხელისუფლების მიერ ძალადობრივად დაშლილ აქციას და აცხადებს, რომ გამოყენებული იყო „შეუსაბამოდ უხეში ძალა”.
„სამწუხაროდ, „ქართული ოცნება” გულმოდგინედ ცდილობს, რომ გააქროს შუა სივრცე და საზოგადოება გაყოს ერთი მხრივ ხელისუფლების, ხოლო მეორე მხრივ ნაციონალური მოძრაობის და მასთან დაკავშირებული რამდენიმე პოლიტიკური ძალის მხარდამჭერებად, არადა სულ უფრო და უფრო აშკარა ხდება, რომ განსაკუთრებით იმ ახალგაზრდების უმრავლესობა, რომლებმაც ცნობილი კანონპროექტი და ოცნების თანდართული რიტორიკა ავტორიტარული მმართველობის დამყარების მცდელობად შეაფასეს და რომელთა მიმართაც გასულ ღამეს გამოყენებული იქნა შეუსაბამოდ უხეში ძალა, არცერთი პოლიტიკური პარტიის მოწოდებას არ გამოუყვანია ქუჩაში”, – წერს ის.
პარალელურად, ის საუბრობს „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებულ რუსულ კანონზე და აცხადებს, რომ მთავრობის მიერ დეკლარირებული გამჭვირვალობის ამოცანების გადაჭრა შეიძლებოდა არსებულ კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებებით ან ახალ კანონმდებლობაში უფრო კორექტული ფორმულირებებით.
„მიუხედავად ყოველივე ამისა, საქართველოს სუვერენიტეტის დაცვა მაინც უალტერნატივოდ გადის მჭიდრო ინტეგრაციაზე დასავლეთთან, სადაც საქართველოს თვითმყოფადობა და ტრადიციები უფრო დაცვადი (და არა ავტომატურად დაცული) იქნება. შესაბამისად, დიდ შეცდომად ვთვლი ხელისუფლების მხრიდან მთელს დასავლეთსა და ე.წ. „ომის პარტიას” შორის ტოლობის ნიშნის დასმას და დონორული პროექტების განმახორციელებელი ყველა ორგანიზაციის უცხო ძალის ინტერესის გამტარებლად წარმოჩენას.
მთავრობის მიერ დეკლარირებული გამჭვირვალობის ამოცანების გადაჭრა აბსოლუტურად მიღწევადი შეიძლებოდა ყოფილიყო საზოგადოებაში ამ მასშტაბის დაპირისპირების გარეშე – არსებულ კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებებით ან თუნდაც ახალ კანონმდებლობაში უფრო კორექტული ფორმულირებებით“, – აღნიშნავს ის.
კვირიკაშვილის თქმით, ამის საპირისპიროდ, ხელისუფლება შევიდა უმძიმეს და არასაჭირო პროცესში და მოუწევს დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა. კერძოდ:
- „არჩევნებზე „ოცნების“ მომხრე დასავლეთთან დაახლოების მოსურნე ელექტორატის მნიშვნელოვნად შემცირებით;
- დასავლეთთან ურთიერთობების მკვეთრი გაუარესებით;
და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - ახალგაზრდობის დიდ ნაწილთან უზარმაზარი კედლის აშენებით.
ჯერ კიდევ არის დრო ხელისუფლების ქმედებებში მნიშვნელოვანი კორექტივების შეტანისთვის. აქციებზე სასტიკად ნაცემი თითოეული ადამიანის ნახვა მძიმე ასოციაციებს აჩენს 2012 წლამდე არსებულ რეალობასთან. ყველა მხარე მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ შევინარჩუნოთ სტაბილურობა და არ დავუშვათ ძალადობა, რათა თავიდან ავიცილოთ გამოუსწორებელი შედეგი, რისი დადგომის რისკიც საკმაოდ მაღალია და რაზეც პასუხისმგებელი ხელისუფლება იქნება”, – ნათქვამია განცხადებაში.