„ევროპის სახალხო პარტია” (EPP) ეხმაურება გუშინ ხელისუფლების მიერ მშვიდობიანი აქციის დარბევასა და ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას.
„შეძრწუნებულები ვართ თბილისში სასტიკად დარბევით აქციის მონაწილეების, რომლებიც მშვიდობიანად აპროტესტებდნენ უცხოური აგენტების კანონს. ჩვენ ასევე მკაცრად ვგმობთ „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის სპეცრაზმის მიერ ცემას. საქართველოს ხალხი იმსახურებს დემოკრატიასა და ევროპას.
დროა, სანქციები დაეკისროს ბიძინა ივანიშვილს და ყველას, ვინც მას საქართველოს დემოკრატიის დანგრევაში ეხმარება. ვერ დავტოვებთ ქართველების მომავალ თაობას ამ ბრძოლაში მარტო”, – წერია განცხადებაში.
გუშინ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობრივად დაშალა – გამოიყენეს ცრელმდენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი. შედეგად, არაერთი მოქალაქე დაშავდა და მათ სამედიცინო დახმარების აღმოჩენა ადგილზევე დასჭირდათ.
გარდა ამისა, შსს-მ დააკავა 63 ადამიანი, მათგან ერთ-ერთი საქართველოში მცხოვრები ამერიკელი იურისტია, რომელმაც აღნიშნა, რომ დაკავების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ და აქვს დაზიანებები თავზე, თვალებსა და ზურგზე.