სახის ძვლების და ქალა სარქვლის მოტეხილობა — „ნიუ ჰოსპიტალში" აქციაზე ნაცემი 2 პირი მკურნალობს

პუბლიკა

„ნიუ ჰოსპიტალში” 30 აპრილი-1 მაისის აქციიდან ფიზიკური დაზიანენებით 2 პაციენტი შეიყვანეს.

კლინიკის წარმომადგენლის განცხადებით, ერთ-ერთ მათგანს სახის ძვლების მოტეხილობა აქვს. მას ოპერაცია ჩაუტარდა.

მეორეს აქვს ქალა სარქვლის მოტეხილობა. თუმცა, როგორც „ნიუ ჰოსპიტალში” გვითხრეს, ისეთი ტიპის მოტეხილობაა, რომელზეც ოპერაცია არ ტარდება.

ორივე პაციენტი კლინიკაში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. თუმცა, რეანიმაციას არც ერთი მათგანი არ საჭიროებს.

კლინიკის წარმომადგენლის თქმით, ორივე მათგანი სრულწლოვანი მამაკაცია.

30 აპრილი-1 მაისის ღამეს რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ხელისუფლებამ სპეცრაზმი, წიწაკის სპრეი, ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. პოლიციამ ფიზიკურად იძალადა დემონსტრანტებზე.

მათ შორის, სასტიკად სცემეს ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს. მას ცხვირის და სახის ძვლების მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციაზე 63 დემონსტრანტი დააკავა წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მიზეზით.