საია: განსაკუთრებით საგანგაშოა რეზინის ტყვიების გამოყენება ახლო მანძილიდან

პუბლიკა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ 22:00 საათიდან შეინიშნება აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენება – ორგანიზაციის თქმით, მათ შორისაა წიწაკის სპრეი, ცრემლდენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი.

„თავდაპირველად აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენებას ჩიტაძის ქუჩაზე წინ უძღვოდა რამდენიმე პირის მიერ ჭიშკრის უჯრედებზე ჩაჭიდება და ხმაურით პროტესტის გამოხატვა, ხოლო, შემდეგ საშუალებების გამოყენება უკვე გადაიზარდა დემონსტრანტების ფართო მასების მიმართულებით”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ორგანიზაცია მიუთითებს, რომ გამოყენებულ სპეციალურ საშუალებათა უკანონო პრაქტიკებს შორის, განსაკუთრებით საგანგაშოა:

  • რეზინის ტყვიების გამოყენება ახლო მანძილიდან, სასიცოცხლო ორგანოების (სახის, მუცლის არის) მიმართულებით ან/და იმ პირთა მიმართ, რომელთაგანაც არ მომდინარეობდა საფრთხე;
  • ცრემლსადენი გაზის სროლა სახურავიდან ქვემოთ, მშვიდობიანად მდგომი ხალხის მიმართულებით რუსთაველის გამზირზე, რაც არღვევს ცრემლსადენი გაზის კაფსულების გამოყენების წესს და ცხელი კაფსულის მოხვედრის შემთხვევაში ქმნის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის შეუქცევადი დაზიანების საფრთხეს.

საია მოუწოდებს:

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ადამიანის უფლებების დაცვასთან შეუთავსებელ და ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე;
  •  სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებს: არ დაემორჩილონ უკანონო ბრძანებებს და არ გამოიყენონ ძალადობრივი მეთოდები მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ.