სალომე ზურაბიშვილმა Sky News-თან ინტერვიუში თქვა, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის მიუღებელია ბიძინა ივანიშვილის 29 აპრილის განცხადება, რომ დასავლეთი მტერია.
„ეს კანონი სიმბოლოა, რეალურად კი არსებობს არჩევანი, გადაწყვეტილება, ეგზისტენციალური არჩევანი, რომელი საქართველომ უნდა გააკეთოს არჩევნების დროს: ევროპა თუ რუსეთი. რაც არ მიიღება საქართველოს მთლიანი მოსახლეობის მიერ არის ის, რაც “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა ორი დღის წინ – გამოაცხადა, რომ დასავლეთი, ევროკავშირი, ჩვენი პარტნიორები, არიან მტრები, არიან აგენტები, ცდილობენ საქართველოში რევოლუციის მოწყობას”. – თქვა სალომე ზურაბიშვილმა Sky News-თან.
29 აპრილს „ქართული ოცნების“ კონტრაქციაზე ბიძინა ივანიშვილი ანტიდასავლური სიტყვით გამოვიდა. მისი ანტიდასავლური რიტორიკა ენმ-ის ხელისუფლებას, ასევე, „გლობალური ომის პარტიას” ეხებოდა, რომლებიც „ენჯეოების“ ხელით მოწყობილი რევოლუციის შემდეგ, არადემოკრატიული წესით, გარედან დაინიშნნენ”. ივანიშვილმა წინა ხელისუფლების წევრების დასჯის პირობა დადო.
ბიძინა ივანიშვილმა ახსენა აკაკი წერეთლის „ღამურაც” ახსენა, „ რომელიც, საბოლოოდ, ვერც უცხოელდება და ქართველობასაც კარგავს”.
მისი მტკიცებით, არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოეთიდან დაფინანსება „თითქმის მთლიანად აგენტურის გამაგრებასა და ხელისუფლებაში მათ მოყვანას ხმარდება”. ამას კი, ივანიშვილის შეფასებით, „ამ თანხებს არავითარი საერთო არა აქვს დახმარებასთან” და მისი მიზანი „საქართველოსთვის სახელმწიფო სუვერენიტეტის წართმევაა”.
ამასთან, როგორც ბიძინა ივანიშვილმა თქვა, „სწორედ სუვერენიტეტის გამყარებას ემსახურება ქართული კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”.
ამ ყოველივესთან ერთად, ივანიშვილმა ისიც თქვა, რომ საქართველო 2030 წელს ევროკავშირში გაერთიანდება.
შეკრებაზე, რომელიც მმართველმა პარტიამ რუსული კანონის საწინააღმდეგო მასშტაბური გამოსვლების საპირისპიროდ მოაწყო, დამსწრეები საქართველოს რეგიონებიდან ჩამოიყვანეს, მათ შორის, საჯარო მოხელეები.
პროდასავლური, რუსული კანონის საწინააღდეგო აქციის მონაწილეებს კი „ქართული ოცნების” ხელისუფლება სპეცრაზმით უპირისპირდება.