რუსულ კანონს და თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება.
უწყება ხელისუფლებას მოუწოდებს, არ გადადგან ისეთი ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუშლის ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას.
„ნიდერლანდები არის საქართველოს დემოკრატიული განვითარების დიდი ხნის მხარდამჭერი. ქართველი ოფიციალური პირების ანტიდასავლური განცხადებები არ ასახავს ჩვენი პარტნიორობის სულისკვეთებას. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მოერიდონ ნაბიჯებს, რომლებიც ხელს უშლის ევროკავშირში ფართოდ მხარდაჭერილ ინტეგრაციას და უზრუნველყონ მშვიდობიანი შეკრების უფლება”, – წერს ნიდერლანდების საგარეო.
გუშინ, პარლამენტმა რუსულ კანონს მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი.
კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა, 23-მა დეპუტატმა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.
კანონის მიღებამდე მესამე მოსმენაა დარჩენილი. მესამე მოსმენის დროს კანონპროექტში მხოლოდ რედაქციული ხასიათის ცვლილებების შეტანა განიხილება. მესამე მოსმენით კენჭისყრის შემდეგ ჩაითვლება, რომ პარლამენტმა კანონი მიიღო.
რუსული კანონის მესამე მოსმენა, სავარაუდოდ, 12 მაისის სასესიო კვირაში გაიმართება.
პრეზიდენტმა უკვე დააანონსა, რომ კანონს ხელს არ მოაწერს და ვეტოს დაადებს. მესამე კენჭისყრის შემდეგ გადაწყვეტილების მისაღებად პრეზიდენტს 14 დღე აქვს.
ვეტოს დაძლევის შემთხვევაში, შესაძლებელია, კანონს ხელი შალვა პაპუაშვილმა მოაწეროს და გამოაქვეყნოს. ამის შემდეგ კანონი საბოლოოდ მიღებულად ჩაითვლება.