გომელაური: ინციდენტი, რაც მარნეულში მოხდა, სამწუხაროა და სამარცხვინო

პუბლიკა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური სამარცხვინოს უწოდებს მარნეულში მომხდარ ინციდენტს – მარნეულის მუნიციპალიტეტში პოლიციელების სიტყვიერ შეურაცხყოფას.

„როგორც იცით, საკარანტინო ზონაში სიტუაციის საკონტროლებლად ჩართულია როგორც შინაგან საქმეთა, ისე თავდაცვის სამინისტროები, უსაფრთხოების სამსახური. ჩვენგან აქ არის საპატრულო დეპარტამენტი, კრიმინალური პოლიცია, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, სამაშველო სამსახური. მოეწყო გამშვები პუნქტები. ის ინციდენტი, რომელიც გუშინ მოხდა ძალიან სამწუხარო და სამარცხვინოა. ადამიანები, რომლებიც ღამის 2 საათზე ადგნენ, გააკეთეს კარვები, თუ დასჭირდებოდა მარნეულის მოსახლეობას, მზად იყვნენ, დახმარებოდნენ; მთელი ღამე იმუშავეს; გამთენიის ხანს მომახსენეს – ბატონო მინისტრო, ყველაფერს მოვრჩით, დავალაგეთ საწოლები 100 კაცზეო, – ასეთ დროს მიდიან, შეურაცხყოფას აყენებენ, ხელით ეხებიან… რაც მოხდა, ყველამ ნახა… დავაკავეთ 2 პირი. ამ საქმეზე კიდევ ვმუშაობთ. მე მინდა, ხაზგასმით ვთქვა, მარნეული იქნება, თბილისი, თელავი, ზუგდიდი თუ ბათუმი, თუ ვინმე შეურაცხყოფას მიაყენებს ექიმს, პატრულს, მაშველს და მნიშვნელობა არა აქვს, კიდევ ვის, ყველა დაისჯება უმკაცრესად“, – განაცხადა გომელაურმა.