რას ყვება თვითმხილველი გმირთა მოედანზე მომხდარ თავდასხმაზე

პუბლიკა

გმირთა მოედანზე მომხდარ თავდასხმაზე ერთ-ერთი თვითმხილველი, ქეთი მოლაშვილი სოციალურ ქსელში დეტალებს ავრცელებს:

„სახლში ვბრუნდებოდით, ლაღად, მშვიდად, თამარ მეფის ხიდისკენ მივდიოდით, ამ დროს გოგოები ყვირილით გამოვარდნენ ჩვენკენ, გვიშველეთ ბიჭებს კლავენო.

თავქუდმოგლეჯილები გავიქეცით, რომ მივედით, 2 მანქანა გაჩერდა კიდევ, გადმოვიდნენ ჩემზე ორჯერ მაღლები, ორჯერ უფრო დიდები, მიზამნიმართულად გაემართნენ ბიჭებისკენ, ყრიდნენ დაბლა და სდგებოდნენ წიხლებით.

წარმოუდგენელი ჯოჯოხეთი დაატრიალეს, რომ არა გოგოების თავგანწირვა, რომლებიც შუაში უვარდებოდნენ, ზედ ეფარებოდნენ, ალბათ მოკლავდნენ!

ისედაც, ზოგი დაეცა და სავალი ნაწილს დაარტყა თავი, ვინც ეცემოდა, ყველა გონებას კარგავდა. გვეგონა მკვდრები იყვნენ და პანიკაში ჩავარდა ხალხი, თვალებიდან სდიოდათ სისხლი.

არასდროს შევსწრებივარ მსგავს სისასტიკეს. ბოლო ხმაზე ყვიროდნენ გოგო-ბიჭები, სულ პატარა გოგოები ტიროდნენ, წარმოუდგენელი ჯოჯოხეთი იყო, ხმა წართმეული მაქვს ყვირილისგან, რომ შეშვებოდნენ და არ მოეკლათ ბიჭები!

რაც მე ვიცი, 5-მა დავრეკეთ პოლიციაში, 1 საათი ველოდეთ და არ მოვიდნენ, ავდექით და ტელევიზიასთან ფეხით ამოვედით პოლიციაში, ახლა განცხადებას ვწერთ, ვიდეოები გვაქვს, ფოტოებიც, მანქანის ნომრებიც ყველა ჩანს სახეზე!“, – წერს ის და თან ურთავს მანქანის ფოტოს.

სხვა თვითმხილველები ყვებიან, რომ 10-ზე მეტი უცნობი პირი მანქანებით  მოვიდნენ, აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ მანქანაში ჩასხდნენ და წავიდნენ. ერთ-ერთი თვითმხილველის მიხედვით, თავდაპირველად მანქანა განზრახ დაეჯახა ველოსიპედიან კაცს. ერთ-ერთი დაშავებული „TV პირველს“ ეუბნება, რომ ის ძირს დაგდებული ადამიანის დასახმარებლად მივიდა, რა დროსაც ხელი კრეს, წააქციეს და სცემეს.