საქართველოს პროკურატურამ ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდამსხმელს ბრალი წარუდგინა.
უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ 5 მაისს, ქალაქ ლანჩხუთში, „ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა კ.ფ.-მ მეზობლად მცხოვრები ორი პირის მიმართ ფიზიკურად იძალადა, კერძოდ, ორივე მათგანს სახის არეში ხელი დაარტყა”.
თავდამსხმელს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ორი პირის მიმართ) წარედგინა, რაც ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
5 მაისს პედაგოგმა, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველმა მფლობელმა ლადო აფხაზავამ „პუბლიკასთან“ დაადასტურა, რომ თავს დაესხნენ. მისი თქმით, სახლის სადარბაზოსთან რამდენიმე პირი დახვდა და დაარტყეს მასაც და თავის შვილსაც.