აგრომეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირი „ლაბორი“ აცხადებს, რომ საერთო საყოველთაო მასშტაბური გაფიცვისთვის ემზადებიან, რუსული კანონისა და ქმედებების წინააღმდეგ. მათ ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელეს.
პროფკავშირი მოუწოდებს ხელისუფლებას, უკან გაიწვიოს რუსული კანონი.
„მოვუწოდებთ ხელისუფლებას უკან გაიწვიოს კანონი რომელმაც დააპირისპირა საზოგადოება და უდიდესი ზიანი მოაქვს ამ ქვეყნისთვის.
ჩვენი შეკრება მიიღოს გაფრთხილებად. მივმართავთ ჩვენს კოლეგებს, პროფკავშირის წევრებს დასაქმებულებს ჩვენ შეგვწევთ უნარი დავასრულოთ ის ძალადობა რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში.
ჩვენ, პროფკავშირი „ლაბორი” მოვუწოდებთ მეხანძრეებს, მაშველებს, პედაგოგებს, კურიერებს, მძღოლებს ექიმებს გავერთიანდეთ საერთო მიზნებისთვის.
და რადგან ხელისუფლება ქვეყნის საზიანოდ ჯიუტად აცხადებს უარს კანონმდებლობის უკან გაწვევაზე, ჩვენ ვემზადებით საერთო საყოველთაო მასშტაბური გაფიცვისთვის რუსული კანონის და ქმედებების წინააღმდეგ, ამ ქვეყნის ნორმალური განვითარების შენარჩუნებისა და ევროპული მომავლისთვის”, – აცხადებენ პროფკავშირში.