Ge-OTA: მოვუწოდებთ მთავრობას, გაიწვიოს კანონი და პატივი სცეს მოქალაქეების გამოხატულ ნებას

პუბლიკა

საქართველოს ოკუპაციური თერაპევტები და ოკუპაციური თერაპიის ფაკულტეტის სტუდენტები მოუწოდებენ ხელისუფლებას, გაიწვიოს კანონი, „ვინაიდან კანონის მიღება საფრთხეს უქმნის კონსტიტუციურ მისწრაფებას – საქართველოს გეზი მიმართული იყოს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ!”.

„ჩვენ, საქართველოს ოკუპაციური თერაპევტები და ოკუპაციური თერაპიის ფაკულტეტის სტუდენტები მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, ჩვენი საქმიანობა ეფუძნება ღირებულებებს, რომელიც შეესაბამება ევროპულ პრინციპებს!

ვაფასებთ ჩვენი უცხოელი პარტნიორების და დონორების მუდმივ თანადგომას ჩვენი ბენეფიციარების, კოლეგების და პროფესიული წრეების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

ვაცნობიერებთ, რომ ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მიღწეული პროგრესის შენარჩუნებასა და ახალი გზების ძიებაში. მათ გარეშე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის არცერთი სერვისი არ იარსებებდა ჩვენს ქვეყანაში.

ცალსახად ვემიჯნებით ზემოაღნიშნული ყველა სიკეთისთვის უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად წოდებას და იდეაზე დაფუძნებული ორგანიზაციების მონიტორინგისთვის შემოთავაზებულ გაურკვეველ, ბუნდოვან საშუალებებს საქართველოში!

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გაიწვიოს კანონი და პატივი სცეს ქვეყნის მოქალაქეების ნათლად გამოხატულ ნებას, ვინაიდან კანონის მიღება საფრთხეს უქმნის კონსტიტუციურ მისწრაფებას – საქართველოს გეზი მიმართული იყოს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ!”, – ნათქვამია განცხადებაში.