ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით, აქციის პარალელურად მათ პარლამენტში არ უშვებენ

პუბლიკა

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატებს შენობაში შესვლის საშუალება არ მიეცათ. როგორც ხატია დეკანოიძე წერს, პარლამენტში არ შეუშვეს „სამუშაო საათების დასრულების გამო”. მისივე ინფორმაციით, შენობაში შეუშვეს პარლამენტის პრესცენტრის წარმომადგენელი.

„პარლამენტში არ შემიშვეს. სამუშაო საათები დასრულდაო. პარლამენტის პრესცენტრი შეუშვეს. როგორც ჩანს, მართლა შიგნით ჰყავს ბიძინას გამოკეტილი ქოცები”, – წერს ის.

ადგილზე იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეც, ლევან ხაბეიშვილი, რომელსაც ასევე არ მიეცა შენობაში შესვლის საშუალება. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პარლამენტში უკვე იმყოფებიან „ქართული ოცნების” დეპუტატები, ხაბეიშვილი აღნიშნავს, რომ ამას არ გამორიცხავს.

„მე არ გამოვრიცხავ, რომ აქ ჰყავდეს ეს ხალხი დამწყვდეული ივანიშვილს, იმიტომ, რომ დამცირების ყველა ფორმაა გამოყენებული მათ მიმართაც”, – თქვა მან.

„სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, შენობაში არ უშვებენ არც მას. მისივე განცხადებით, არ აქვს ინფორმაცია „ქართული ოცნების” დეპუტატების პარლამენტში ყოფნის შესახებ.

„ინფორმაცია არ მაქვს, ერთი, რაც ვიცი, არ მიშვებენ პარლამენტში”, – აღნიშნა ვაშაძემ.

ამ წუთებში პარლამენტთან აქცია იმართება – მოქალაქეები აპირებენ, რომ ხვალ დაგეგმილ კომიტეტის სხდომამდე გაათენონ.