რექტორებს ხელმოსაწერად შესთავაზეს განცხადება, რომელიც სტუდენტური პროტესტის მხარდაჭერის წინააღმდეგაა მიმართული

პუბლიკა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში რექტორების კონფერენცია იმართება. კონფერენციაზე ხელმოწერისთვის განიხილება რექტორთა ერთობლივი განცხადების ტექსტი რომელიც საერთო სტუდენტურ პროტესტს უკავშირდება.

როგორც „პუბლიკისთვის“ გახდა ცნობილი, ამ ეტაპზე ტექსტთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობს და ამჟამად უცნობია კონკრეტული სია უნივერსიტეტის რექტორებისა, რომლებმაც აღნიშნულ განცხადებას ხელი მოაწერეს.

დოკუმენტში, რომლის ტექსტზეც მსჯელობენ, ნათქვამია, რომ, „ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი აკადემიური სივრცის მიღმა უნდა დარჩეს. შესაბამისად ის არ უნდა აისახოს უნივერსიტეტის ფუნქციონირებისა და სწავლა-სწავლების წარმართვაზე“ და რომ „კატეგორიულად მიუღებელია უნივერსიტეტების სახელით გარკვეული ჯგუფების მიერ პოლიტიკური განცხადებების გაკეთება.”

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, ისიც, რომ „მიუღებელია, რომ აკადემიური პერსონალის ზოგიერთი წარმომადგენელი უარს აცხადებს საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე და ხელს უშლის სასწავლო პროცესის წარმართვას.“

რუსული კანონის წინააღმდეგ საერთო სტუდენტურ პროტესტს უერთდება საქართველოს 30-ზე მეტი უნივერსიტეტის სტუდენტური ჯგუფები. სტუდენტებს მხარდაჭერა გამოუცხადა ლექტორთა ნაწილმა.

 

რექტორთა კონფერენციის თავმჯდომარეა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე.

რექტორთა კონფერენცია წლის განმავლობაში რამდენჯერმე იკრიბება და მასზე რექტორები ერთობლივად განიხილავენ უმაღლესი განათლების განვითარებისა და ხარისხის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს.