პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს

პუბლიკა

პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში გაფიცული სტუდენტები უერთდებიან.

სტუდენტები რუსთაველის მეტროდან მსვლელობით დაიძრნენ და რუსთაველზე მიმდინარე აქციას შეუერთდნენ.

აქციას ასევე შეუერთდნენ და საზოგადოებას სცენიდან მიმართეს შშმ პირებმა.

რუსული კანონის წინააღმდეგ საერთო სტუდენტურ პროტესტს უერთდება საქართველოს 30-ზე მეტი უნივერსიტეტის სტუდენტური ჯგუფები. სტუდენტებს მხარდაჭერა გამოუცხადა ლექტორთა ნაწილმა.

აქცია პარლამენტთან 12 მაისის ღამეს დაიწყო. აქციის მონაწილეებმა ღამე პარლამენტთან გაათენეს, რადგან 13 მაისს, დილის 9 საათზე იურიდიულ კომიტეტზე რუსული კანონის მესამე მოსმენა იყო ჩანიშნული.

სპეცრაზმმა გაამაგრა პარლამენტის შესასვლელები და დაახლოებით დილის 6 საათიდან მშვიდობიანი მომიტინგეების დაკავება და მათზე ძალადობა დაიწყო. დაძაბულობა კომიტეტის სხდომის დასრულებამდე გაგრძელდა.

კომიტეტის სხდომა ერთ წუთსა და 6 წამში დაიხურა. მას შემდეგ, რაც უმრავლესობის დეპუტატებმა შენობა დატოვეს, ტერიტორიიდან სპეცრაზმიც გაიყვანეს. აქციის მონაწილეთა ნაწილი პარლამენტთან მთელი დღის განმავლობაში დარჩა.