თსუ-ის სტუდენტი: სოცპოლის ფაკულტეტის 6-ვე მიმართულების სტუდენტები ვიფიცებით

პუბლიკა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები აცხადებენ, რომ ფაკულტეტის 6-ვე მიმართულების სტუდენტები იფიცებიან.

„გვსურს გაგაცნოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტების განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით. ერთადერთი მემკვიდრეობა, რაც 1918 წლის დემოკრატიული რესპუბლიკიდან შემოგვრჩა, ეს არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შესაბამისად, აქ ვინც ვდგავართ, სტუდენტები თუ კურსდამთავრებულები, ვიაზრებთ, რომ თსუ-ელობა არის სტატუსი, პასუხისმგებლობა და ფასეულობა. ასევე, გვსურს შეგახსენოთ, რომ ყველა საპროტესტო მოძრაობა თუ მსვლელობა ცვლილებებისკენ მიმავალი გზის კუთხით, ყველაფერი იწყებოდა თსუ-ს კედლებში თუ ეზოში.

შესაბამისად, ჩვენ დღეს ვიაზრებთ, რომ ვალდებულები ვართ, ავიღოთ პასუხისმგებლობა და დავაფიქსიროთ სამოქალაქო პოზიცია. ერთ თვეზე მეტია უკვე მიმდინარეობს განგრძობადი პროტესტი რუსული კანონის წინააღმდეგ, რომლის საწინააღმდეგოდაც საქართველოს მოსახლეობას არაერთხელ დაუფიქსირებია საკუთარი დამოკიდებულება, ნება, პოზიცია და გასაგებია, რომ აღნიშნული კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. შესაბამისად, ჩვენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ფაკულტეტის 6-ვე მიმართულება იფიცება, ესენია პოლიტიკის მეცნიერება, სოციალური მუშაობა, სოციოლოგია, ჟურნალისტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, საზოგადოებრივი გეოგრაფია”, – აღნიშნა სტუდენტმა.

ამასთან, სტუდენტები გამოდიან ინიციატივით, თსუ-ს პირველ კორპუსში გაიმართოს საჯარო დისკუსია რუსულ კანონთან დაკავშირებით და მოუწოდებს უნივერსიტეტის რექტორს, ჯაბა სამუშიას, უზრუნველყოს ამის ორგანიზება.