ბერიკაშვილი: შენგელიამ მითხრა, რომ სუსი CU-დან ჩემ გაგდებას ითხოვდა, გამიშვეს რეორგანიზაციის საბაბით

პუბლიკა

სოსო ბერიკაშვილი ამბობს, რომ „კავკასიის ეკონომიკის სკოლიდან“ გაათავისუფლეს – მიზეზი „ბიძინა ივანიშვილის გინებაა”.

ბერიკაშვილი უნივერსტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანის თანამდებობას იკავებდა.

როგორც ამბობს, მისი სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება 7 მაისს გამოიცა. თუმცა მანამდე, 29 აპრილს „კავკასიის უნივერსიტეტის” რექტორმა, კახა შენგელიამ „დაიბარა და უთხრა, რომ სუს-ი მისი სამსახურიდან გაშვებას ითხოვს”. 

„(გინება ტყუილია, არ მიგინებია, უბრალოდ მკაცრად გავაკრიტიკე “ოფშორების კანონის” გამო, თუმცა მაგას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა).

როგორც ჩანს, ჩემი გაგდება საჩქარო იყო, 7 მაისს გამოიცა ბრძანება და გამიშვეს სამსახურიდან რეორგანიზაციის საბაბით (პოლიტიკური დევნა ჯერ არ იწერება ბრძანებებში).

თუ ამ ხელისუფლებას ეს უმსგავსობა გაუვიდა, რეპრესიები მომავალში საყოველთაო გახდება და შეეხება ყველას.

ბევრ წერილს ვიღებ სტუდენტებისგან, ითხოვენ მხარდაჭერას და პოზიციის დაფიქსირებას. მეგობრებო, როგორც აქამდე, რა თქმა უნდა, თქვენ გვერდით ვდგავარ ყველა სამართლიან პროტესტში”. – დაწერა სოსო ბერიკაშვილმა „ფეისბუქზე”.

„პუბლიკა“ „კავკასიის უნივერსიტეტს“ დაუკავშირდა.

უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ სპიკერი თავად კახა შენგელიაა, რომელიც ახლა საქართველოში არ იმყოფება. მისი თქმით, განცხადება თავად შენგელიამ შეიძლება გააკეთოს ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ.

შეკითხვაზე, ადასტურებს თუ არა ინფორმაციას სოსო ბერიკაშვილის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, მისი თქმით, სოსო ბერიკაშვილი „აღარაა მათი სტაფის წევრი”