„წელს“ – ასე უპასუხა ფაშინიანმა კითხვას, რომელ წელს ისურვებდა, რომ სომხეთი გახდეს EU-ს წევრი

პუბლიკა

„წელს“ – ასე უპასუხა ნიკოლ ფაშინიანმა კითხვას, რომელ წელს ისურვებდა, რომ სომხეთი გახდეს ევროკავშირის წევრი.

ნიკოლ ფაშინიანი კოპენჰაგენის დემოკრატიის სამიტში მონაწილეობს.

მან ასევე თქვა, რომ მზად არის, „იყოს მაქსიმალურად ისე ახლოს ევროკავშირთან, როგორც ეს ევროკავშირს შეუძლია, წარმოიდგინოს“.

„ჩვენი მიზანია ჩვენი ურთიერთობების დივერსიფიცირება ბევრი მიმართულებით. ახლა ჩვენ ვაყალიბებთ თანამშრომლობას უსაფრთხოების სფეროში ინდოეთთან, საფრანგეთთან, სხვა ქვეყნებთან. ახლა გვაქვს რაღაც ტიპის ურთიერთობა ევროკავშირთან. გვიხარია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განლაგება ჩვენი და აზერბაიჯანის საზღვართან. ეს სამოქალაქო მისიაა, თუმცა, ამასთან, ეს ახალი ფაქტორია ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებაში. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ევროკავშირი ჩართულია სომხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოებაში.

ჩვენ ველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას, ჩართოს სომხეთი თავის უსაფრთხოების დაწესებულებაში. ვიმედოვნებთ, რომ დავიწყებთ ვიზალიბერალიზაციის მოლაპარაკებებს”. – თქვა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

პარალელურად, 23 აპრილიდან ერევანში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მოსახლეობა მოითხოვს, ნიკოლ ფაშინიანმა დატოვოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. მიზეზი მთიანი ყარაბაღის დათმობისა და იქ აზერბაიჯანის მხრიდან ეთნიკური წმენდის შემდეგ აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციის პროცესია – სომხეთმა აზერბაიჯანს 4 სომხური სოფელი დაუთმო.

აქციების ერთ-ერთი ლიდერია ტავუშელი მთავარეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი, რომელიც ფაშინიანის გადადგომას მოითხოვს და ხალხს სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს. 13 მაისის აქციაზე პოლიციამ ერევანში 150 დემონსტრანტი დააკავა.