ოპოზიციური პარტიები საპარლამენტო ბოიკოტს აცხადებენ. განცხადებები ამის შესახებ კეთდება მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მესამე მოსმენით რუსული კანონი მიიღო.
ბოიკოტის რეჟიმში გადადიან და საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობას აღარ მიიღებენ პარტია „ლელო”, „ნაციონალური მოძრაობა”, „სტრატეგია აღმაშენებელი”.
მათი თქმით, დღეს „ყველა წითელი ხაზი გადაიკვეთა, რუსული კანონის მიღებით გაფორმდა ღალატის აქტი”.
„ამ ვითარებაში ამ რეჟიმში მუშაობის გაგრძელებას არ ვპირებთ, უახლოეს პერიოდში საბოლოო გეგმას გავაცნობთ საზოგადოებას, თუ როგორ ვაპირებთ რუსული რეჟიმის პირობებში შემდგომ პოლიტიკურ საქმიანობას”, – თქვა ლევან ბეჟაშვილმა, ენმ-ს წევრმა.
„რეჟიმს უნდა გავუწიოთ წინააღმდეგობა ბოიკოტის სახით”, – თქვა „ლელოს” წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა.
ბოიკოტის რეჟიმში გადადიან დამოუკიდებელი დეპუტატებიც: სალომე სამადაშვილი, თამარ კორძაია და ტარიელ ნაკაიძე.
„საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას დღევანდელი მდგომარეობით აზრი არ აქვს, იმიტომ რომ უმრავლესობა ამ პარლამენტში არის რუსეთის წარმომადგენელი. ჩვენ მათ წინააღმდეგობას ვხედავთ, რომ პარლამენტის შიგნით ვერ ვუწევთ, მათ აქვთ რუსული დავალება მიღებული და ამ დავალებას ასრულებენ. სანამ ეს ხელისუფლება არ შეიცვლება, არ არსებობს არანაირი პრობლემა, რომელიც ამ პარლამენტმა შეიძლება მოაგვაროს”, – თქვა სალომე სამადაშვილმა.
საპარლამენტო ბოიკოტი გამოაცხადა „მოქალაქეებმაც“.
პარლამენტს პარტიები და დამოუკიდებელი დეპუტატები ბოიკოტის თაობაზე დღესვე მიმართავენ.