„ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართაო" — კობახიძის მტკიცებით, ერთ-ერთი ევროკომისარი დაემუქრა 

პუბლიკა

ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ერთ-ერთი ევროკომისარი დაემუქრა და პარალელი გაავლო სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს შემთხვევასთან, რომელიც რამდენიმე კვირის წინ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

საქართველოს პრემიერი აცხადებს, რომ მაღალი რანგის „უცხოელი პოლიტიკოსები ღია შანტაჟს არ ერიდებიან“.

ამ კონტექსტში მან კიდევ ერთხელ ახსენა „გლობალური ომის პარტია”.

„ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა. კერძოდ, ჩემთან საუბარში, ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ და ამ ზომების ჩამოთვლისას ახსენა – „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“.

როდესაც გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებული შანტაჟის კონტექსტში ახსენებენ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რომელზეც რამდენიმე დღის წინ ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა და რომელიც ამჟამადაც მკურნალობას გადის, ეს ჩვენთვის უკიდურესად შემაშფოთებელია. ხაზს გავუსვამ იმასაც, რომ წინასწარი ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრზე თავდასხმის უკან იკვეთება ერთ-ერთი ქვეყნის სპეცსამსახურის კვალი, რომელიც გლობალურ ომის პარტიასთან განსაკუთრებით მჭიდროდ არის დაკავშირებული“, – წერს ირაკლი კობახიძე.

ირაკლი კობახიძისვე განცხადებით, „გლობალური ომის პარტიის სახით, საქმე გვაქვს უაღრესად საშიშ ძალასთან, რომელიც საქართველოში არეულობის შემოსატანად ყველაფერზეა წამსვლელი”.

„გლობალური ომის პარტია” მმართველი პარტიის კონსპირაციაა. ხელისუფლების წევრები ხშირად ავრცელებენ დაუსაბუთებელ მოსაზრებებს, რომ სწორედ „გლობალური ომის პარტიას” სურს, საქართველო ომში ჩაითრიოს.

„ქართულ ოცნებას” არასდროს დაუკონკრეტებია, ვინ არის „გლობალური ომის პარტიის” წარმომადგენელი, თუმცა, კობახიძე ამტკიცებს, „მასთან ბრძოლა ძალიან რთულია და ამასთან, ამას ალტერნატივა არ აქვს”.