იმას ჰგავს: შედიოდე უმდიდრეს რესტორანში, გხვდებოდეს უზარმაზარი, გაშლილი, ლომისფეხება მაგიდა, უამრავი დელიკატესით, ნუგბარითა და ტკბილეულით სავსე, კარს ბედნიერი, ყურებამდე გაკრეჭილი კარისკაცი გიღებდეს და ხვდებოდე, როგორც იქნა იქ მოხვდი, სადაც ოცნებების ახდენა ასეთი იოლია, როგორც იქნა შეძლებ და საკუთარი ცხოვრების სიმაღლეს გაუთანაბრდები: მამას მხარს ზევიდან გადახედავ, დედის საყვედურებს სარეცხი მანქანის გამდინარე წყალს გაატან, ცოლს ათასჯერ გამოტანილ სესხს გადაუფარავ და ახალ სათვალეს უყიდი, შვილს სანატრელ ველოსიპედს და ა.შ. ადამიანად ქცევა შეგიძლია, თავმოყვარეობის აღდგენა, იმედგაცრუებების დავიწყება, – თითის მხოლოდ ერთხელ დაჭერით! ერთი დაწკაპუნებით, ერთი სიცოცხლით! დიახ, ეს ფულის სახლია. იმ ჭუჭყიანი ფულის, ასე რომ გვძულს და გვჭირდება ადამიანებს, პატივისცემას რომ გვიბრუნებს და მხრებში გვმართავს, – რის შემდეგაც აუცილებლად დაგაფასებენ, ანგარიშს გაგიწევენ, შეიძლება რჩევაც გკითხონ. ჰო, ზუსტად შენ, ასეთ უქნარას, ოჯახის დამაქცევარს. შეგიძლია მეფე გახდე – იქნებ მხოლოდ ერთი დღით, რადგან ფორტუნას აუცილებლად კიდევ გამოსცდი და იღბალის ათბალიანი მიწისძვრიდან მინუს უსასრულობის უფსკრულში ჩავარდები, მაგრამ მაინც, მანამდე, მეფე ხომ მეფეა, ეს შენი შანსია! შენი უფასო ცხოვრების შანსი.
ზოგი გასართობად მოდის, ზოგი დროის გასაყვანად, უმრავლესობა კი შენნაირია. მაძიებელი. უყურებ სავსე მაგიდას, ოქროს მონეტებს, მოსაგებ მანქანებს, და ფიქრობ, რატომაც არა, ეს ყველაფერი შეიძლება შენიც იყოს, ყოველ შემთხვევაში, იმ მაგიური წუთიდან, როცა თვალისმომჭრელი სიმდიდრის სამეფოში შეაბიჯებ, დაუშვებელი დასაშვები ხდება. ის ხალხი, მაგიდის შორიახლოს ნაშიმშილარი თვალებით რომ დაეხეტება, შენ არ გგავს, ეს შენ არ დაგემართება, შენ ის ნაწილი ხარ, ქერუბიმებისა და ნიმფების გარემოცვაში რომ ნებივრობს, ჭრელ მუთაქებზე მიწოლილი, მაგიდაზე დაყრილი მონეტებით მთელი ქვეყნის ყიდვა რომ შეუძლია. დრო ჩერდება და ბუნდოვანი სამყარო, შენი მშობლების პრობლემებიან/შვილის საფენებიანად, ანდა მათემატიკის მასწავლებლისთვის გადასახდელი თანხიანად ერთ ღილაკში თავსდება, რომელზეც მათემატიკური სიზუსტით უკრავ შიმშილის სიმფონიას.
ჯერ იგებ. გიხარია. მაგრამ ეს ცოტაა, იმ ჭრელ მუთაქებამდე და გაშლილ სუფრამდე უნდა მიაღწიო, ჯერ იქ ყოფნა არ დაგიმსახურებია. ჯერ მხოლოდ ერთი, სხვადასხვა ხილით სავსე თეფში გაქვს, რომელსაც შენს პრობლემებს ვერაფრით ამყოფინებ. გრძნობ, როგორ კარგავ ფულის აღქმას, თითქოს შემოდგომის გაყვითლებული ფოთლებია, თითქოს ქაღალდია, რომელსაც გადასამუშავებლად მაკულატურაში აბარებ. თავიდან გართობაა: დრო გაგყავს, ან პირიქით მას გაყავხარ თუ როგორცაა. მერე უფრო ხშირი სურვილი და რაღაცნაირი ვნება, ბოლოს კი უბრალოდ მოთხოვნილება, ისეთი, როგორიც ჭამა, დალევა, მეგობართან წასვლა. და ხვდები, უკვე ყველაფერი სულერთია, იმ უცნაური აზარტის გარდა, აუტანელი ვნებით რომ დაპატრონებია იმას, რაც შენში ადამიანად გადარჩა და სხვა სამყაროში მიგაქანებს. სხვა სამყარო კი, გუშინ მამაშენს რომ ტყუილი უთხარი, ისაა. კიდევ, შენს ცოლს რომ ოქრო გამოართვი და ლომბარდიდან ხელისკანკალით გამოტანილი ფული პურის საყიდლადაც რომ ვერ გაიმეტე, კიდევ შარვალი რომ შემოგაცვდა და სამომავლო მოგებისთვის გადადე გარდერობის განახლება, მეგობრებს რომ ათასჯერ სთხოვე და ახლა თვალს არიდებ, დედას რომ პენსია დაუხარჯე და გრცხვენია. ეს ტყუილის და სირცხვილის სამეფოა. „სამყარო ჩემთან ვალშია! – იჯერებ.
ისევ იქ ხარ: თმაგაბურძგნული, ჩასისხლიანებული თვალებით, გაღიზიანებული. თამაშობ, უკვე არა მოგებისთვის, არამედ წაგებულის ამოღებისთვის. სესხულობ. იტყუები. იპარავ. შეხედე შენს თავს. ირგვლივ როგორ უცხოვდებიან ადამიანები, როგორ დაიღალნენ. ეს გულგრილობის სამეფოა, რომელიც მათ უმოქმედობისკენ, შენ კი გაბოროტებისკენ გიბიძგებს.
ახლა უკან დავბრუნდები. იმდენად უკან, რამდენადაც შესაძლებელია. 90-იანი წლების ქალაქი, – ჩაბნელებული, რუხი, სადაც ნებისმიერი ადამიანური მოთხოვნილების დაკმაყოფილება ფუფუნებაა. აბანოები, რომლებსაც დღესასწაულებზე სტუმრობ, რომ სახლში „კიპიწელნიკით“ გაცხელებული წყლით წუწაობა ხანდახან მაინც დაივიწყო. 1989 წელი – სამორინე იხსნება ბათუმში, „ინტერკლუბში“. 2000-იანი წლები – ქვეყანას უჭირს, სახელმწიფო აზარტული თამაშების დაწესებულებებიდან მილიონობით ლარს იღებს. ჯერ კიდევ 1765 წელს, პარიზში, საფრანგეთის ფინანსთა მინისტრის განკარგულების საფუძველზე, პირველი თანამედროვე კაზინოც ხომ ხაზინის შესავსებად გაიხსნა, – არც ეს ქვეყანაა გამონაკლისი. შენ მხოლოდ საშუალება ხარ, გზააბნეული მგზავრი, ხუთი და ათი ლარით დაწყებული უწყინარი თამაშიდან ათი წლის შემდეგ ათასებს რომ გადაიხდი იმ ლომისფეხება მაგიდის ოქროთი მოსავარაყებლად, შენ რომ ვერასდროს მიუჯდები. ეს დაცინვის სამეფოა, თავში წამორტყმის და დამცირების. აბა, ვინმემ წამოგარტყას კეფაზე ხელი, მაშინვე შემოტრიალდები, შეურაცხყოფილი, გამხეცებული, დამცირებული. აბა, დაგცინონ, სამოსის, გემოვნების, გარეგნობის გამო, დაცინვაზე ხომ უარესი რეაქცია გაქვს, ვიდრე ხელჩართულ ჩხუბზე, თავში ხელის წამორტყმას ხომ ვერავის აპატიებ, ირონიას, ცინიზმს. ღირსება გელახება. შეხედე, როგორ დაგცინის შენი ქვეყანა, როგორ ცდილობს შენი ცხოვრება ერთ პაწაწინა ღილაკში მოათავსოს. მაშინ, როცა შენს ირგვლივ ამდენი გაჭირვება და უმუშევრობაა, ამდენი მშიერი ბავშვი და მოხუცი, და იმავდროულად, ასეთი შესავსებია ბიუჯეტი, ჰო, ზუსტად შენ ხარ ის „ოქროს თევზი“, რომელიც ანკესს წამოეგება და შენი დანაკარგით ერთ თავ ცხელ კერძს კი არ მოამზადებენ უფასო სასადილოებში, არა, ბანერებს დაამზადებენ, რეკლამებში გადაიხდიან, რომ კიდევ მეტი შენნაირი მოიზიდოს ბადემ და კიდევ უფრო მეტად გამსხვილდეს მაგიდის ფეხები, რომელსაც მერე ოქროდ გადაადნობენ და სახლში წაიღებენ შენზე ბევრად ჭკვიანები.
ეს მოგონილი სამყაროა. სამყარო, რომელიც სიზმარში უეცარ გამდიდრებას და ფუფუნებას გთავაზობს, სანაცვლოდ კი შენ გითხოვს, იმას, რაც ჯერ კიდევ შენგან დარჩა. სამყარო, რომელშიც სიზმრიდან გადმოსულს გარეთ არავინ გხვდება, არავის ესმის, არავინ თანაგიგრძნობს. ეს მდიდრული რესტორანი ბუტაფორიაა, არც კედლებია რეალური, არც ის მაგიდა, არც მონეტები, არც ნიმფები და ქერუბიმები. ეს უფასო სასადილოა, სადაც შენ საჭმლის ერთი ულუფის სანაცვლოდ ცხოვრება უნდა დათმო, სიკვდილის სამეფო, სადაც უფასოდ გასადილებენ.
გარეთ კი ნამდვილი სამყაროა: თავისი აქციებით, ომებით, ფილმის განხილვებით, კომბლებით, მაფიოზი მღვდლებით და იმავდროულად სიხარულით – ჩაიზე ერთად დასხდომით, საუბრებით, და ამ გადაყვითლებული ქალაქით, სადაც ერთ პატარა სახლში ვცხოვრობ მე, შენი ერთადერთი და, რომელიც ხელს არასდროს გაგიშვებს. სადაც ჩვენ უკვე ვიცით, რომ ცხოვრება რთული და შესაძლებელია და ამის დამარცხებაც რთული, მაგრამ შესაძლებელია, ვიდრე გვიყვარს.
აიკრძალოს აზარტული თამაშების რეკლამა!