Amnesty International ეხმაურება აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმას და ხაზს უსვამს, რომ ეს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან რამდენიმე საათში მოხდა.
მათი შეფასებით, ხელისუფლების მსგავსი განცხადებები, შესაძლოა, აღქმული იქნეს როგორც მწვანე შუქი ძალადობისთვის – ამის შესახებ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულებით Amnesty International-ის დირექტორის მოადგილემ, დენის კრივოშევმა ისაუბრა.
მისი თქმით, მსგავსი ტიპის ათობით ძალადობრივი თავდასხმების შემდეგ, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებიდან მხოლოდ რამდენიმე საათში მოხდა.
„მთავრობის ოფიციალური პირების მიერ მსგავსი ქმედებები, შესაძლოა, მარტივად იქნეს აღქმული მწვანე შუქად ხელისუფლების კრიტიკოსთა მიმართ ძალადობის დაუსჯელად განსახორციელებლად.
ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული საქართველოს მთავრობის ცრუ მიზეზებით, რომ კრიტიკა, რომელსაც აწყდებიან ძალადობრივი ანტისახელმწიფოებრივი შეთქმულებაა. მათ საწინააღმდეგო აზრზე ზეწოლა არის არა თავდაცვის ფორმა, არამედ შეტევა ადამიანის უფლებებზე და საქართველოს ადამიანის უფლებების საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევა. ხელისუფლების კრიტიკა, რაც არ უნდა უხეში იყოს ის, დაცული სიტყვაა და ყველა საჯარო ოფიციალურ პირს აქვს თმენის ვალდებულება”.
Amnesty International აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ წერტილი უნდა დაუსვას ძალადობის ციკლს, გამოიძიოს ყველა ძალადობრივი თავდასხმა და უზრუნველყოს პასუხისმგებელი პირების სამართლიანად დასჯა.
11 ივნისს აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილს თავს დაესხნენ – მანამდე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დილით, 09:15-ზე სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც წერია, რომ სალომე ბარკერი და ზუკა ბერძენიშვილი პარლამენტის წევრებს ურეკავდნენ მუქარითა და შეურაცხყოფით.
პაპუაშვილი წერს, რომ „მედიისთვის დადგმული ეს ვითომ „აღშფოთებული მოქალაქის” სცენები, სინამდვილეში, ორგანიზებული და პოლიტიკურად მოტივირებული ტერორის კამპანიაა, რომელიც ევროპის სახელით მიმდინარეობს“.
ამავე პოსტში ის დონორებს „ტერორის ნორმალიზებაში“ ადანაშაულებს.
ამ პოსტით პაპუაშვილი გამოეხმაურა იმ შემთხვევებს, როცა მოქალაქეებმა რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატების მიმართ პროტესტი სხვადასხვა ფორმით გამოხატეს. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის ვიდეო გუშინ მარიამ წიწიკაშვილმა გაავრცელა და აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც ვიქტორ ჯაფარიძის მიმართ პროტესტი გამოხატა, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა.
აქტივისტმა ზუკა ბერძენიშვილმა 3 ივნისს დაწერა, რომ გურიაში, სოფელ ფამფალეთში „გაურკვეველი პირები ეძებენ და სოფლის გასასვლელში დგანან“.